ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

მეუფე შიო: ადამიანის ბუნება – ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს

ღვთის ხატება უბრალოდ მოცემული კი არ არის ადამიანისთვის, არამედ ეს არის ადამიანის ბუნების საფუძველი, რომელსაც ვერანაირი ცოდვა ვერ წაშლის და ადამიანის ბუნება – ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

,,დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის… ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას….შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ”
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქრისტე აღდგა!
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.
დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენებას, ასევე – ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას.
გილოცავთ ამ დღეს, შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ. ამ გზაზე მათ მიაღწიეს ღვაწლის სრულყოფილებას და აღემატნენ ადამიანურ საზომს. ამისთვის ეკლესია მათ განსაკუთრებით ადიდებს და უგალობს.
წმინდა ეკლესია წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავარზე ამბობს, რომ იგი იყო „სარწმუნოების კანონი“, როგორც მის ტროპარშია ნათქვამი: „კანონად სარწმუნოებისა, ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა“. ეს ნიშნავს, რომ იგი იყო უფლის მცნებების დაცვის მაგალითი, მაგრამ ამ მცნებებს შორის იგი განსაკუთრებული გულმხურვალებითა და რწმენის ძალით ასრულებდა მცნებას სიყვარულის შესახებ, ღმერთისა და ადამიანის სიყვარულის შესახებ. ამით იგი სამაგალითოა ყოველი ჩვენგანისთვის.
ვისაც არ უნდა შეხვედროდა თავის ცხოვრებაში წმინდა ნიკოლოზი, ყველა ადამიანში ხედავდა სიკეთეს,  ყველა ადამიანს ეხმარებოდა, რომ საკუთარ თავში ეს სიკეთე გაეხსნა და ქმედითი გაეხადა.
მას სწამდა, იცოდა და ჩვენც გვასწავლის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღვთის ხატება უბრალოდ მოცემული კი არ არის ადამიანისთვის, არამედ ეს არის ადამიანის ბუნების საფუძველი, რომელსაც ვერანაირი ცოდვა ვერ წაშლის და ადამიანის ბუნება – ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს.
წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული ყველა სიკეთე, რითაც მან ასეთი საუკუნო დიდება მოიპოვა, მიზნად ისახავდა,  ადამიანებში ჩაენერგა ეს რწმენა სიკეთისა, ზუსტად იმ სიკეთისა, რომელზეც  მოგახსენეთ და რაც არის ჩვენი ბუნების საფუძველი. სწორედ ამიტომ არის იგი ყოველი ჩვენგანისთვის ასე ახლოს. ამ სიკეთით, ამ რწმენით ღვთისა და ადამიანისადმი იყო გაბრწყინებული, მთელი მისი ცხოვრება. ამ რწმენით მან მიაღწია სულიერ სრულყოფილებას და, შეიძლება ითქვას, მიაღწია ზეციური საკურთხევლის სიმაღლეს.
დღეს წმინდა ისაია წინასწარმეტყველის ხსენებაა და მსგავსად იმ სერაფიმისა, რომელიც წმინდა ისაიას ხილვაში ზეციური საკურთხევლიდან მარწუხით იღებს ანთებულ ნაკვერჩხალს, წმინდა ნიკოლოზიც იღებს ზეციური საკურთხევლიდან ამ ანთებულ ნაკვერჩხალს იმისთვის, რომ შეახოს ადამიანთა გულებს ეს ზეციური ცეცხლი და დაანთოს ადამიანთა გულებში რწმენა და სიყვარული ღვთისა, სიყვარული ადამიანისა და რწმენა ადამიანის იმ სიკეთისა, რომელიც, ვიმეორებ, ჩვენს ბუნებაში ჩადებული და ღვთისგან ბოძებულია.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.
წმინდა ნიკოლოზის ხსენებას როცა აღვნიშნავთ, ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული გვეუფლება. დღესაც ეს გრძნობა გვაქვს. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა თქვენთან ერთად მსახურება სენაკში, დღეს ჩხოროწყუელებიც მრავლად არიან აქ და მინდა, მადლობა გითხრათ იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, თქვენი ლოცვებისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ.
წმინდა ნიკოლოზს ვევედროთ დღეს, ამ სიხარულით, ამ მოწიწებით, ამ მოკრძალებით შევთხოვოთ მას ლოცვები და ვუთხრათ: „წმინდაო, დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“.
მისი ლოცვით, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა ჩვენს ეპარქიას და ყოველ თქვენგანს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული, დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია

ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება სწორედ ყაზახეთში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყაზახეთთან აქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია. ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ვფიქრობ, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა თემაზე. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისა, სხვადასხვა სფეროში შევეხეთ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორიცაა კულტურა, სპორტი, განათლება და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ყაზახეთისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით

საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპისა და საპირისპირო მიმართულებით. „მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება „შუა დერეფნის“ განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარკო რუბიო – სახდეპის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან არის პრეტენზია, რომ USAID-ი ძირს უთხრის საქმეს, რასაც აშშ აკეთებს იმ ქვეყანაში, ეს აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას,...

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია, თუ საელჩოებში მიხვალთ მთელ მსოფლიოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისგან და ელჩებისგან არის, რომ USAID არ არის არამხოლოდ თანამშრომლობისკენ მიდრეკილი, ისინი ძირს უთხრიან იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ ქვეყანაში, რაც აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ჩვენ ვცდილობთ მუშაობას უფრო ფართო მასშტაბით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. როგორც მარკო რუბიო აცხადებს, USAID-ი არის სრულიად უპასუხისმგებლო ორგანიზაცია, რომელიც არ მიიჩნევს, რომ მუშაობს აშშ-ისთვის. „USAID-ი ძირითადად გადაიქცა სააგენტოდ, რომელიც თვლის, რომ არც კი არიან აშშ-ის სამთავრობო სააგენტო, თითქოს ისინი გარეთ არიან, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციაა, იღებენ გადასახადის გადამხდელის ფულს და ხარჯავენ, როგორც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ეროვნული ინტერესი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია, რომელსაც ნახავთ, თუ საელჩოებში მიხვალთ მთელ მსოფლიოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისგან და ელჩებისგან არის, რომ USAID-ი არ არის არამხოლოდ თანამშრომლობისკენ მიდრეკილი, ისინი ძირს უთხრიან იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ ქვეყანაში. ისინი მხარს უჭერენ პროგრამებს, რაც აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ჩვენ ვცდილობთ მუშაობას უფრო ფართო მასშტაბით. ასე რომ, ისინი არიან სრულიად უპასუხისმგებლო, არ მიიჩნევენ, რომ მუშაობენ აშშ-სთვის. უბრალოდ ფიქრობენ, რომ გლობალური სუბიექტია და რომ მათი მესაკუთრე არის მსოფლიო და არა შეერთებული შტატები. ეს არ არის ის, რასაც წესდება ამბობს“, – განაცხადა რუბიომ. მარკო რუბიოს თქმით, მიზანი ყოველთვის იყო USAID-ის რეფორმირება. „ახლა ჩვენ გვაქვს დაუმორჩილებლობა. ახლა ჩვენ ძირითადად გვაქვს აქტიური ძალისხმევა. მათი ძირითადი დამოკიდებულება არის ის, რომ „ჩვენ არ ვმუშაობთ ვინმესთვის, ვმუშაობთ საკუთარი თავისთვის, არცერთ სააგენტოს არ შეუძლია, გვითხრას, რა უნდა გავაკეთოთ“. ასე რომ, პრეზიდენტმა დამნიშნა ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად. მე ეს ძალაუფლება გადავეცი იმ ადამიანს, ვინც იქ არის სრულ განაკვეთზე და ჩვენ ვაპირებთ იგივე პროცესის გავლას USAID-ში, როგორც ახლა გავდივართ სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს არ ეხება უცხოური დახმარების თავიდან აცილებას. არსებობს საქმეები, რასაც USAID-ის საშუალებით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, ამას აზრი აქვს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, თუ რაღაცის საშუალებით, როგორიცაა რეფორმირებული USAID-ი. ეს არის პროცესი, რომლზეც ჩვენ ვმუშაობთ. USAID-ში არის რაღაც, რომლის დაფინანსებაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ან რომელთანაც ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ მათ საერთოდ არ სურთ თანამშრომლობა. ასე რომ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა დრამატული ნაბიჯების გადადგმისა, რომ ეს კონტროლის ქვეშ მოექცეს“, – განაცხადა რუბიომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ამ მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. შეხვედრისას ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

სალომე სამადაშვილი: ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, მანდატი ყველას გაუუქმეს, საინტერესოა, სიის ჩახსნას აპირებენ თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ

 ახლა, როდესაც გიორგი გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, ამას რატომ არ აკეთებენ?“, – წერს სალომე სამადაშვილი. პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

ბოლო სიახლეები