მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრობენ. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა გულისტკივილი გამოთქვა იმ სასულიერო პირებისა თუ ეკლესიას განდგომილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ილია მეორემ არ შეასრულა პირობა, რომ „არ წავიდოდა, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდებოდა“.
„ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები – არ მეშინია ამ სიტყვების თქმის, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს, „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა, „მე უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პატრიარქის პირობა, აწ უკვე აღსრულებული – „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში. ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა სიტყვა შეუსრულებელი დატოვა“, – განაცხადა მეუფე საბამ.

