ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

მესი: „ბარსელონაში“ არ დავბრუნდები – „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ესპანურ Sport-თან და Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. მესიმ ინტერვიუში „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასა და ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

„ძალიან მინდოდა, რომ „ბარსელონაში“ დავბრუნებულიყავი, თუმცა მეორე მხრივ, აღარ მინდოდა იმ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, რომელიც ამ გუნდიდან წამოსვლისას გამოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ პრესაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონამ“ ლა ლიგასთან ყველა პრობლემა მოაგვარა, სინამდვილეში, კიდევ უამრავი საკითხი იყო გადასაჭრელი. როგორც გავიგე, მათ ფეხბურთელების გაყიდვა და ხელფასების დაკლება უწევდათ, რათა მე მივსულიყავი და არ მინდოდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვყოფილიყავი. უკვე ბევრ ისეთ რამეს მაბრალებენ, რისი ნაწილიც არ ვარ და ცოტა დავიღალე.

მინდოდა, რომ გადაწყვეტილება ჩემით მიმეღო და ამიტომაც, ჩემი „ბარსელონაში“ დაბრუნება აღარ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, არ შემეძლო. „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ. შემოთავაზება ბევრი ევროპული გუნდისგან მქონდა, თუმცა მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაში მსურდა.

უკვე კარიერის იმ ნაწილში ვარ, როდესაც მინდა ყურადღების ცენტრიდან გამოვიდე და დრო ოჯახს დავუთმო. 2 წლის განმავლობაში ოჯახთან მიმართებაში თავს ძალიან უკმაყოფილოდ ვგრძნობდი და ეს ძალიან არ მომწონდა. ფულში საქმე არასდროს ყოფილა. „ბარსელონას“ ჩემთვის ოფიციალური დოკუმენტაცია არ გამოუგზავნია და არც კონტრაქტზე გვისაუბრია. ეს ყველაფერი ფულის გამო არ გამიკეთებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საუდის არაბეთში წავიდოდი.

ერთ დღეს ბარსელონაში აუცილებლად დავბრუნდები და იქ ვიცხოვრებ. თავს ყველაზე ბედნიერად მეც და ჩემი ოჯახიც სწორედ ამ ქალაქში ვგრძნობთ. ვაფასებ იმ სიყვარულს, რაც ამ წლების განმავლობაში განვიცადე და ძალიან მსურს, უკან დავბრუნდე“, – აღნიშნა მესიმ.

ლეო მესიმ კატალონიის „ბარსელონა“ 2021 წელს დატოვა და სათამაშოდ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, სადაც 75 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა. მას შემდეგ, რაც მესიმ პარიზული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას „ბარსელონაში“ დაბრუნებას, ან საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ წასვლას უკავშირებდნენ, საბოლოოდ, კი მსოფლიო ჩემპიონმა არჩევანი ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ „ინტერ მაიამიზე“ შეაჩერა, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას- რას ყვება ზვიად ქორიძე

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონში" მას რამდენიმე ადამიანმი თავს დაესხა. "სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზედაც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ექიმი: გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ჩაუტარდა კვლევები – კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. „მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.   შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თეთრი სახლი – პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს. განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“. კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი. ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაა – „გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ გაავრცელა. „ვხელმძღვანელობთ რა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების სრული დარღვევით და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც მის მიერ არჩეული ახალი „პარლამენტი“ და „პრეზიდენტი“ არალეგიტიმურია. მხედველობაში მივიღეთ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის, ეუთო/ოდირის, ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის სულისკვეთება საქართველოს შესახებ. ვგმობთ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში. რეზოლუცია „მოუწოდებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ყველა წევრს, „თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან“. „1. თავი შეიკავეთ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან. ამ მიზნით, შეწყვიტეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების ყველა ოფიციალურ ვიზიტზე მიწვევა და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა; არ აღიაროთ „ქართული ოცნების“ უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რათა არ მოხდეს ლეგიტიმაცია. 2. სალომე ზურაბიშვილის აღიარება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში. 3. მოუწოდეთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. 4. გავაგრძელოთ მიზანმიმართული სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; კერძოდ, მოუწოდოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, კახა კალაძისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის. 5. მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და გაერო-ს, არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის გამოსაძიებლად. 6. შეაჩეროს ყველა ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, რათა თავიდან აიცილოს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებები და გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ინსტრუმენტის გადაფასების მიზნით. 7. მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე ე.წ. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის, საქართველოში ვიზიტების ჩათვლით, რომლებიც არ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 8. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის „დანაშაულში“ ბრალდებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის გაჟღერებით, რომლებსაც ემუქრებათ შესაძლო მრავალწლიანი პატიმრობა, ისევე, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. 9. გამოხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომლებიც ყოველ საღამოს განაგრძობენ გამოსვლებს საქართველოს ქალაქების ქუჩებში. 10. გამართოს მოსმენები ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში, რათა შენარჩუნებული იყოს საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი ბრძოლისადმი რუსული რეჟიმის სტილის სახელმწიფოს მიტაცებასთან“, – აღნიშნულია რეზოლუციაში. რეზოლუციის დოკუმენტის გამოქვეყნებისას, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია: საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არალეგიტიმურია და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება. ჩვენ გამოვდივართ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და სანქციების დაწესების მოწოდებით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიის უკანდახევაზე“. ამასთან, რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დაწერა: „მივესალმები „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთსულოვან რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოცხადებას. ამერიკა ეთანხმება!“.

ბოლო სიახლეები