შაბათი, მაისი 10, 2025

მერიკო კობერიძე – ტაქსის მძღოლი რამდენიმე დიპლომით

„დიახ, მე მყავდა 10 შვილი და არცერთი ქმარი“

პროფესიით ფსიქოლოგმა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, მერიკო კობერიძემ სწავლა პოლონეთში, შლიონსკას უნივერსიტეტშიც მოასწრო და 22 წლის ასაკში მცირე ტიპის ბავშვთა სახლის მენეჯერიც გახლდათ… საჯარო სამსახურს, მეგობართან ერთად წამოწყებულ ბიზნესს, მოგზაურობას და კულინარიით საკმაოდ სერიოზულ გატაცებას ახლა უკვე ახალ აქტივობას – ტაქსით მგზავრების გადაყვანასაც უთავსებს… ამბობს, რომ გარდა დამატებითი შემოსავლისა, ეს მისთვის ემოციების გაცვლისა და ტიპაჟებზე დაკვირვების კარგი საშუალებაა. მის სამომავლო გეგმებში კი ტაქსის ისეთი კომპანიის შექმნაა გათვალისწინებული, სადაც მძღოლებად მხოლოდ ქალბატონები იმუშავებენ…

– დიდი ხანი არ არის, რაც ერთ უცნაურ დღეს ტაქსის მანათობელი ტრაფარეტი შევიძინე. სხვათა შორის, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, პირველი მგზავრი დანიშნულების ადგილამდე უსასყიდლოდ მივიყვანე.

– პრობლემური მგზავრი ხშირად გყავს?

– ალბათ, მიმართლებს და ჯერჯერობით, ძალიან პოზიტიური მგზავრები მყავს.  საერთოდ, ხალხთან კონტაქტი, ტიპაჟებზე დაკვირვება, ემოციების გაცვლის პროცესი მომწონს. ალბათ, ფინანსური დაინტერესების გარდა, ჩემი ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. რაც შეეხება „საშიშ სიტუაციებს“, მქონია, როცა ბიჭი პაემანზე მიმიყვანია… საერთოდ, ვცდილობ, ფორმაში ვიყო და გოგონებსაც ეჭვიანობის საბაბი ეძლევათ ხოლმე (იცინის)… ყველას არ ვუჩერებ და სხვათა შორის, თავდაცვის კონკრეტული საშუალებებიც მაქვს მანქანაში. ჩემს უსაფრთხოებად არც ჰობი მიღირს და არც დამატებითი შემოსავალი.

– შენს ახალ წამოწყებაზე ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს რა რეაქცია ჰქონდათ?

– ოჯახის წევრებს ჩემგან აღარ უკვირთ „ნორმირებული უნორმობები“. 15 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებული მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი. ამის ნაცვლად გაოცებულ დედას თხოვნა დავუწყე სვანეთში საცხოვრებლად გავეშვი.  საჭირო ნივთების თავმოსაყრელად ორი საათი დამჭირდა და დაბადების დღის ნაცვლად სვანეთის გზას დავადექი… იქ 9 თვე ვიცხოვრე. ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლის პარალელურად სტუდენტობისთვის მომზადება დავიწყე. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სვანეთის მასწავლებლებს – უნივერსიტეტში გრანტით ჩავაბარე… ეს იყო უზარმაზარი გამოცდილება. ვნახე და შევადარე განსხვავებული გარემო პირობები, თავიდან შევაფასე კონკრეტული ფაქტები… რაც შეეხება მეგობრებს, მირჩევენ, რომ აუცილებლად უნდა ავამუშავო ტაქსის კომპანია, სადაც მხოლოდ ქალბატონები დასაქმდებიან.

ფაქტია, სტერეოტიპებთან აქტიური ბრძოლა გაქვს გამოცხადებული…

– სხვათა შორის, არც ისე თავისუფალი და უკომპლექსო ვარ ამ მხრივ. იცით რაშია საქმე?! ტაქსის მართვა რომ ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყოს, ალბათ, ამის გაკეთება ჩემთვისაც უხერხული იქნებოდა. ახლა კი პირიქით, თავს ლაღად ვგრძნობ.

– 22 წლის ასაკში ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლის მენეჯერი გახდი…

– ამ კომპანიის სხვა მენეჯერები შემთხვევით გავიცანი. რატომღაც შემომთავაზეს მათთან აღმზრდელის ვაკანსიასთან დაკავშირებულ გასაუბრებაზე მივსულიყავი. გასაუბრებიდან წამოსულს შემატყობინეს, რომ სახლის მენეჯერად განმიხილავდნენ. მალე სოფელ გლდანში ერთ-ერთი ოჯახური ტიპის სახლის მენეჯერი გავხდი. ამ სახლში 6-დან 18 წლამდე  ასაკის 10 ბავშვი ცხოვრობდა. მქონდა შეგრძნება, რომ 10 შვილის დედა ვიყავი. მუშაობის პროცესს პოლონური ენის ცოდნა მიადვილებდა, რადგან პოლონელებთან აქტიური ურთიერთობა მიხდებოდა.  ამ პოზიციაზე ყოფნა ემოციურად ურთულესი აღმოჩნდა და ერთ წელში წამოსვლის შესახებ განცხადება დავწერე.

– კონკრეტულად რა იყო მიზეზი?

– მაგალითად, თითქმის ყოველ ღამე მირეკავდნენ, რომ ვიღაც შეუძლოდ გახდა და იურიდიული წარმომადგენელი სჭირდებოდა. შესაბამისად, მივდიოდი საავადმყოფოში და ხშირად იქ ღამის გათენება მიწევდა. იყო სუიციდის მცდელობებიც. წამოსვლისას პადრემ ძალიან მთხოვა თარჯიმნად მაინც დავრჩენილიყავი, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. მალე სოციალური მომსახურების სააგენტოში სტაჟიორად დავსაქმდი, სადაც ასევე რთულ პირობებში ვმუშაობდი. თითქოს ეს წესად იქცა – ყველა სამსახური ისეთი მაქვს, ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ცეჰეპატიტის პროგრამა დაიწყო, ცეჰეპატიტის სამმართველოში ვმუშაობ. ვმუშაობდი ქრონიკული დაავადებების სამმართველოშიც.

– მუშაობის პარალელურად გადაწყვიტე ინტერნეტ-მაღაზია გაგეკეთებინა, რომლის შემდგომ განვითარებად ტანსაცმლის მაღაზია იქცა…

– დიახ და თავდაპირველად, სატესტოდ ინტერნეტ-გვერდზე ჩემი ტანსაცმლის ფოტოები დავდე. მალე მსურველი შემეხმიანა და პირველი ნივთი გაიყიდა. ეს იყო განცდა, რომელსაც ძალიან რთულად შევადარებ ცხოვრების მანძილზე განცდილ სხვა ძლიერ ემოციებს (იცინის)… მაშინვე წავედი, ვიყიდე სხვა ტანსაცმელი, გავრეცხე, გავაუთოვე და ახლა უკვე მათი გაყიდვა დავიწყე… მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე პატარა მაღაზია მქონოდა და მართლაც, ჩემს ერთგულ მეგობართან, მარიამთან ერთად მცირე ფართის მაღაზია გავხსენი. ინტერიერი მთლიანად ჩვენით მოვაწყვეთ, გავაფორმეთ. შაბათ-კვირას მაღაზიაში ფუსფუსს ვუთმობთ. ვარჩევთ, ვყიდულობთ, ვაწესრიგებთ და ვყიდით ტანსაცმელს. შემოსული  თანხის 10% აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების მხარდასაჭერად „მე აქ ვარ“ კამპანიას ხმარდება. სამომავლოდ მინდა ამ მაღაზიას რამდენიმე ფილიალი შევმატოთ.

– რომელ აუცილებელ აქტივობებს მოიცავს შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– დილით ვვარჯიშობ, მერე სამსახურში ვარ. 6-დან 9-მდე მგზავრებს ტაქსით ვემსახურები. ზოგჯერ, დღის მანძილზეც მირეკავენ. ახლახან ერთი ქალბატონი დამიკავშირდა, ქალიშვილის სკოლიდან გამოყვანა სურდა. მიიჩნია, რომ მისი შვილი ქალ მძღოლთან უფრო უსაფრთხოდ იმგზავრებდა. სამსახურში ერთსაათიანი შესვენება მაქვს და ამ დროსაც შემიძლია მგზავრებს მოვემსახურო. ჩემი ერთ-ერთი ჰობი ძაღლები  და მათთან ერთად სეირნობაა. ორი ძუ ლაბრადორი, ფიბი და დენსი მყავს. ისინი საუკეთესო „პიროვნებები“ არიან ჩემს ცხოვრებაში. სახლში ორივე მოტყუებით მივიყვანე – ოჯახის წევრები დავაჯერე, რომ ჩვენთან დროებით უნდა ეცხოვრათ…

– სოფლის მეურნეობაშიც ხომ არ აპირებ ჩართვას?

– როგორ გამოიცანით? დიახ, ვფიქრობ ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად ძალები აგროტურიზმის სფეროში მოვსინჯო. ვაპირებთ ავაშენოთ პატარა სასტუმრო ფერმით, სადაც ცხოველებსა და ფრინველებს მოვაშენებთ. ისლანდიაში მოგზაურობისას იქაური სახლებით აღვფრთოვანდით და გვინდა ასეთივე ტიპის სასტუმრო ავაშენოთ.

– ხშირად მოგზაურობ?

– მგონი იმიტომ დავიბადე, რომ ვიმოგზაურო. ჯერ მხოლოდ 15 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მოგზაურობა 20 წლის ასაკში ევროპით დავიწყე. ამით მაშინვე მოვიწამლე და მინდა ამ „სენისგან“ არასოდეს განვიკურნო… ისლანდიას გამოვარჩევდი, საოცრებათა ქვეყანას. მაოცებს თავისი ხალხით, სასწაულმოქმედი გეიზერებითა და ჩანჩქერებით. წარმოიდგინეთ, რომ ამ კუნძულოვან ქვეყანაში კრიმინალის მაჩვენებელი თითქმის არ არსებობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს მხოლოდ ორი პატიმარი იხდის… ყველა ჩემი მოგზაურობა საკუთარი სახსრებით ფინანსდება. ვფიქრობ, სამოგზაუროდ წასვლისთვის არავინ არ უნდა შეაწუხო. თუ ეს გსურს, შენვე უნდა უზრუნველყო საჭირო თანხის მოძიება. ძირითადად მარტო ვმოგზაურობ, ზოგჯერ დედასთან ან მეგობართან ერთად. სოფელი რაჭასა და სვანეთში მაქვს. ხშირად დავდივარ ყაზბეგში.

– შენი ერთ-ერთი სერიოზული გატაცება კერძების მომზადებაა…
– იმ პროცესზე სასიამოვნო არაფერია, როცა სამზარეულოში ევროპულ, აზიურ თუ ჩემ მიერ გამოგონილ უცხო, უცნაურ კერძებს ვამზადებ. გემოს გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალი. ვცდილობ, არ მივყვე კლასიკურ რეცეპტებს და შესაბამისად, ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ახლობლები აღნიშნავენ, რომ ჩემი ეს „რისკი“ ამართლებს და ძალიან მიხარია…

შორენა ლაბაძე

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მანქანიდან 60 000 ზლოტი მოიპარეს…“ – პოლონეთში ქართველები დააკავეს

პოლონეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.დაკავებულებს ბრალად ედებათ, ავტომობილიდან 60 000 ზლოტის მოპარვა.პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 37 წლის და 29 წლის საქართველოს მოქალაქეები.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

იაგო ხვიჩია – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ხელისუფლების სცენარით მიმდინარეობს

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა ამ დრომდე რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამწუთას რაც მიმდინარეობს, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.`მაგალითისთვის, ერთი პოლიტიკური პარტია იძახის, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვინც მიიღებს, ყველა არის დაწყევლილიო; მეორე იძახის, მე ჯერ არ ვიცი, ლეგიტიმაციას არ მივცემო, მაგრამ თან არ ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას; მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის და საბოლოო ჯამში, არავინ არ ლაპარაკობს, თუ გადის ოპოზიცია არჩევნებზე მოსაგებად, მაშინ რა ტაქტიკით და მეთოდით გადის, რას ჰპირდება მოსახლეობას, ვინ არის მათი კანდიდატი მერობაზე და ა.შ. მე რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ სცენას რომ ვუყურებ, რაც არის, მჯერა შინაგანად, რომ ამ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, „დურდომში”, რაც მოწყობილია, „ქართული ოცნება” ფულს გადაიხდიდა. მე მგონია, რომ ამაში ფულს გადაიხდიდა, ან ვიღაც ისეთი დეგენერატია მეორე მხრიდან, რომ ამას უფასოდ აკეთებს. შესაბამისად, ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი”, – განაცხადა ხვიჩიამ.ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ბულინგს ექვემდებარებიან, მაგრამ ისინი დაძლევენ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აღარ დამალავენ, რადგან „მართალია, ჯერჯერობით, საზოგადოებას დადასტურება არცერთი პარტიისგან არ მოუსმენია, თუმცა უმრავლესობა ამბობს, რომ რეგიონულ ოფისებში მზადება დაწყებულია და შესაძლებელია, „ლელომ” მიიღოს მონაწილეობა და ასევე, გახარიამაც“.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობს და უნდათ, რეალურ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ, მაგრამ ხედავენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება მათ გარდა არავის არ უნდა.„ანუ ფიზიკურად, მოედანზე დგახარ და მარტო ბურთს კენწლავ, რადგან არავინ არ თამაშობს და სხვასაც არ უთმობენ ადგილს. რომ გავიდნენ და თქვან, ჩვენ დავამთავრეთ პოლიტიკური მოღვაწეობა, წავედით, დაგემშვიდობეთ ხალხო, კარგად იყავითო, ამასაც არ ამბობენ. ამბობენ იმას, მაგალითად, როგორ გითხრათ, ლუდის ბოთლით გვინდა მოედანზე სირბილი, ანუ, თამაში კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რაღაც სხვა ვაკეთოთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება, სისულელით აიხსნას, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ეს მარტო სისულელით ახსნადი ამბავია და ფიქრობს, რომ ეს არის შეთანხმებული თამაში ხელისუფლებისა და მათ მიერ მოსყიდული ოპოზიციის, რომ ხელისუფლებას გადააბარონ და აჩუქონ თბილისის მერის და დიდი ქალაქების არჩევნები.„ეს გამოვა, თუ არ გამოვა, დამოკიდებულია იმაზე, რამეს მიხვდება თუ არა ქართველი ხალხი, რომელსაც, უკვე რამდენი წელია, ერთნაირად ატყუებენ და სტილსაც კი არავინ არ ცვლის ხალხის მოსატყუებლად, იმდენად გაუშინაურდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს უთხრა, რომ ფაქტია, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა თუნდაც, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქროს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იგივე „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას.შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა აუხსნან ამ პარტიებმა თავიანთ ამომრჩეველს პოზიციის შეცვლა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს შეიძლება, სხვადასხვაგვარად ახსნან.„ნუ, რა ვიცი, ქვეყნის გადარჩენის მოტივით, ასე გვთხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვიქცეთ ფინანსურად, თუ რეგიონულ დონეზე, გავძლიერდეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა წაიღონ უკან ის სიტყვები, რაც ნათქვამი აქვთ წინასწარ, არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ტელევიზიებს. მე მახსოვს, რომ „ლელოვიზიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუპორი, ქალბატონი ინგა გრიგოლია ღიად გამოდიოდა და ლანძღავდა იმ ხალხს, ვინც მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ უნდა აიხსნას, რომ „ლელო“ მიიღებს ახლა არჩევნებში მონაწილეობას? აქედან უკან დახევა როგორ უნდა მოხდეს, მე არ მესმის მართლა, სიმართლე გითხრათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისივე თქმით, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ოპოზიციას და ფიქრობს, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ოპოზიცია დაზიანებული გავიდეს არჩევნებზე.ამასთან, ხვიჩიამ თქვა, რომ ქალაქში ჭორები დადის, თითქოს, ის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სალომე ზურაბიშვილის მერად დაყენებას ფიქრობს.„მე ასეთი ჭორებიც გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით, როგორ გითხრათ, ეს იქნება ყველაზე სასაცილო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს. ეს არის ალბათ, გადაზღვევა იმის, რომ ოპოზიციამ არცერთ ვარიანტში არ მოიგოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მარკ რუტე – ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა

ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის პერსპექტივას, თუმცა არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.„მთელი ნატო ეთანხმება შეუქცევად გზას უკრაინის გავლით ნატო-ში, მაგრამ ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის გარანტირებული იქნებოდა ნატო-ს წევრობა. ეს არასდროს შეთანხმებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-ს მოკავშირეებმა თქვეს დიახ, იარსებებს ნატო-ს წევრობის პერსპექტივა. ეს უფრო შორეული პერსპექტივისთვისაა, არა ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩიხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა. ამ მომენტში არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სა და უკრაინას შორის. ჩვენ გვაქვს სარდლობა ვისბადენში, რომელიც ორგანიზებას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ორგანიზებას წვრთნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა მარკ რუტემ.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე, რომ ოპოზიციასა და ზურაბიშვილს „ფეხი არ დაუცდეთ“: ჩემი ფეხი არის მყარი

ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს, 26 მაისთან დაკავშირებით  განცხადება  გააკეთა, სადაც ზურაბიშვილს და ოპოზიციას მიმართავს - „ფეხი არ დაუცდეთ“.„„ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, ჩვენი ფეხი არის მყარი, ყველასი. ვიცით საითკენ მივდივართ, ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს და ეს სათქმელიც არ არის, მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ. დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა უნდა გადავარჩინოთ, მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ და არამხოლოდ ჩვენს თავს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით პირველი ექვსი თვის წინ, ერთი წლის და პრაქტიკულად, 30 წელია ვდგავართ, როცა რამე საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ ევროპულობას. იქ ვიქნებით ბევრი, დავანახვებთ ჩვენს თავს, ყველას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს გზას, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილმა.

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? – მოძღვრის განმარტება

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე? - ამ კითხვაზე პასუხს დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს.„ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმერთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“.“ - განმარტავს დეკანოზი.

ბოლო სიახლეები