ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის ფინალური ტური გაიმართა. მეგა შოუს გამარჯვებული ფასკუნჯი გახდა და როგორც აღმოჩნდა, მისი ნიღაბი მანიკა ასათიანს ჰქონდა მორგებული.
„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იყო. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ასრულებდა. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოდიოდა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენდა. დღეს კი სცენაზე ფინალში გასული 3 მონაწილე წარსდგა.
რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია – კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობი იყო. .
შოუს მონაწილე სუპერ ვარსკვლავებს ამ სივრცეში მანტიის და ნიღბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებოდათ. კოსტიუმებს პირად კარავში ირგებდნენ და სცენაზე გადიოდნენ. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი ყოფილიყო დამალული. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობა იყო.
ორი აუტსაიდერის გამოსავლენად ხმის მისაცემად დარბაზში მაყურებლებს პლანშეტები ურიგდებოდათ. ვინ მოიხსნის ნიღაბს ორი აუტსაიდერიდან, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე სპეციალურად მოწვეული 4 დეტექტივი წყვეტდა.

