ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 1120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

უფლებამოსილი პირის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ბარგის დეტალური დათვალიერებისას, გამოვლინდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის შემოტანაც ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.

აღნიშნულმა სამართალდამრღვევმა მოქალაქემ კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.