ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

„მგზავრთა საყურადღებოდ!“ – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მოგვიანებით ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული.

ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია

სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელი შრომა და რამდენიმე მიმდებარე სოფელი მთლიანად იყო მოწყვეტილი ოზურგეთს.„ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი, გზის არარსებობის გამო ელექტროენერგიაც ჯერ კიდევ არის შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო-პროსთან“ გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება. ანალოგიურად, ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის ჩასატარებელი. გრძელდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ აღდგეს კომუნიკაცია, სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება. ასევე, მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში.„მადლობა ყველას, მაშველებს, რომლებიც არიან ჩართული აქტიურად ამ სამუშაოებში, სასწრაფო დახმარებას, სამხედროებს, რომლებიც გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის სამუშაოებში, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა, დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

თემურ მღებრიშვილი – მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სასოფლო გზების გაწმენდა და ბურანებით მოსახლეობასთან კონტაქტი, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სასოფლო გზების გაწმენდა და ბურანებით მოსახლეობასთან კონტაქტი. პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, 23 თებერვლიდან იმერეთში, გურიასა და აჭარაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი.„გუშინ ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო. ასე ჯგუფურად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას. აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან, თუ არის მომართვიანობა ავადმყოფების შესახებ. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და მივყვებით გუშინ გაწერილ გეგმას. 23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო რეჟიმზე. როგორც იმერეთში, ისე გურიასა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

როდემდე გაგრძელდება უამინდობა დასავლეთ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი).

სტიქიური მოვლენებისას დეზინფორმაცია არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც, სად იყვნენ გუშინ დეზინფორმაციის მამხილებელი „ენჯეოები“, რომლებშიც ბრიუსელი მილიონებს ხარჯავს – შალვა პაპუაშვილი

სტიქიური მოვლენების დროს როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის, სად იყვნენ ამ დროს დეზინფორმაციის მამხილებელი „ენჯეოები“, რომლებშიც ბრიუსელი მილიონებს ხარჯავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს.„ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომელიც მილიონებს იღებს უცხოეთიდან დეზინფორმაციის, მანიპულაციის, კონტექსტიდან ამოღებული ნარატივების გავრცელებაში. მილიონებს იღებენ და დაკავებული არიან რაღაც სხვა თემებით, ხან უკრაინაში ომთან დაკავშირებული თემებით და ა.შ. ასეთი სტიქიური მოვლენების ან სხვა ექსტრაორდინარული სიტუაციის დროს როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, ეს მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის. სად იყვნენ ეს დეზინფორმაციის მამხილებელი ენჯეოები, „ფაქტჩეკი“ და ა.შ, რომლებშიც მილიონებს ხარჯავს ბრიუსელი, თუ სხვა დედაქალაქი? ჩუმად იყვნენ, რატომ?! იმიტომ, რომ ისინიც მონაწილე არიან ამ დეზინფორმაციული ქსელის. არის ნაწილი, რომელიც ავრცელებს მანიპულაციას, დეზინფორმაციას და შემდეგ, მეორე ნაწილი, რომელიც ამაზე ჩუმად არის და ამით ის სიგნალს აძლევს, რომ თითქოს აქ ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია უფრო საზოგადოების ერთიანობა, თუმცა ამას შეჩვეული ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია, მისი მედია და „ენჯეოები“ ჩვენს საზოგადოებას ზურგში დანას ურტყამს და, ნაცვლად სოლიდარობისა, ემპათიისა და გვერდში დგომისა, ვხედავთ ფეხის დადებას ამ ადამიანების მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – წარმოიდგინეთ, შუქნიშანი რომ იყოს გამორთული, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ჟურნალისტურ სტანდარტებთან, ეს ინიცირებული კანონი აკეთებს იმას, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი

„ფეიკ ნიუსები“, როგორც სტანდარტიდან ამოვარდნილი ჟურნალისტური საქმიანობა,  ექსტრაორდინარულ სიტუაციაში უსაფრთხოებისთვისაც არის გამოწვევა – იქნება ეს სტიქიური უბედურება, სხვა საგანგებო მდგომარეობა, როდესაც „ფეიკ ნიუსმა“ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოების, თუ სახელმწიფოს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ სტანდარტის ამოქმედება, რომელიც კანონშია გაწერილი და რომელზეც ყველა თანხმდება.„გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ნაცვლად თვითრეგულირებისა, ის მედია, რომელიც „ფეიკ ნიუსს“ ავრცელებს, კეტავს კომენტარს, იმის საშუალებასაც არ აძლევს სხვებს, მის გვერდზევე ამხილოს მანიპულაცია, დეზინფორმაცია, თუ კონტექსტიდან ამოგლეჯა ამა თუ იმ საკითხის. გუშინდელი დღე იყო მაგალითი, როგორ შეიძლება „ფეიკ ნიუსმა“, ზოგმა შემდეგ ბოდიშიც მოიხადა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა როცა არის, როცა ექსტრაორდინარული სიტუაციაა, ღმერთმა დაიფაროს ყველა და საომარი მდგომარეობა რომ არსებობდეს, ამ დროს ყველა წამი, როდესაც დეზინფორმაცია არსებობს და მიდის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ყოველი ეს წამი აზიანებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ყველა თანხმდება სტანდარტზე, რომელიც კანონში დიდი ხანია წერია და შეთანხმებული სტანდარტია.„ასევე ვთანხმდებით, რომ არ მოქმედებს ეს სტანდარტები, ასე ვთქვათ, მიშვებულია თვითრეგულაციაზე. ერთადერთი რაზეც უნდა შევთანხმდეთ, თუ სტანდარტები სწორია და ვთანხმდებით, ხომ უნდა იმუშაოს ამ სტანდარტებმა, მათ შორის, ზუსტად ეს არის ბრიტანული მოდელი, რომ ამუშავდეს ეს სტანდარტები და არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმი ამ სტანდარტების ამოქმედების. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის არცერთ თავმჯდომარეს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფართო სპექტრთან, როგორც მაქვს მე. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფაქტობრივად „ჰარდ თოქის“ რეჟიმში, როგორც ეს აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი, ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გვისწრებს, მე მგონი ყოველ დღე აქვს მედიასთან კომენტარები, თუმცა სხვა მხრივ რომ შეხედოთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიასთან კომუნიკაციის ლიდერები არიან, არა უბრალოდ ბრიფინგით, თუ გამოსვლით, არამედ ფაქტობრივად „ჰარდ თოქის“ რეჟიმში ერთსაათიანი თოქ შოუები იმართება ასეთი კომენტარების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილმა მედიის შესახებ კანონის ამოქმედება შუქნიშნის მუშაობას შეადარა.„ჩავთვალოთ, ეს არის შუქნიშანი, შუქნიშანიც არის გარკვეული წესი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით, რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს ყვითელი და რას ნიშნავს მწვანე. წარმოიდგინეთ შუქნიშანი რომ არსებობდეს და ის იყოს გამორთული, აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით. თქვენი მანქანაც კერძო მანქანაა, მაგრამ ის შუქნიშანი ყველასთვის დგას – კერძოსთვისაც, სახელმწიფო მანქანისთვისაც და ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს. ამ წესებზე ყველა ვთანხმდებით. ჟურნალისტური, მედია სტანდარტი მაუწყებლობის კანონში წლებია წერია, ათწლეულები თუ არა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. მათ შორის, თქვენი თვითრეგულაცია თუ არსებობს, არ ვიცი გაქვთ თუ არა ტელევიზიაში, ამ წესების დაცვას უნდა უზრუნველყოფდეთ. ჩვენ ვთანხმდებით წესებზე, ანუ შუქნიშანზე. ვთანხმდებით, რომ წითელი ნიშნავს უნდა გაჩერდე, ყვითელი – მოემზადო, მწვანე – უნდა დაიწყო სვლა. ამ წესებზე ვთანხმდებით, უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს არის გამორთული, გათიშულია. ეს კანონი რასაც აკეთებს, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. დღეს ეს წესები არ მუშაობს, ვთანხმდებით შუქნიშანზე, ვთანხმდებით მის ფერებზე და პრინციპზე. სახელმწიფომ უნდა ჩართოს, როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას. თვითრეგულირება რომ იყოს საგზაო მოძრაობაში, გასაგებია, გვექნებოდა კოლაფსი საგზაო მოძრაობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები