მასწავლებელა გარე დაკვირვების წესში ცვლილებები შევიდა, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს. ცვლილების თანახმად, შეიცვალა დამკვირვებელთა რაოდენობა, კერძოდ, მასწავლებლის გაკვეთილს ორის ნაცვლად ახლა 1 ადამიანი დააკვირდება. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.
გარედაკვირვების ჩატარება შეუძლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს – გარე დამკვირვებელი; გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.
გაკვეთილის შეფასება და საჭირო ქულები დადებითი შეფასებისთვის:
გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.
გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით.
ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის შეფასება ასახული უნდა იქნეს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას.
თუ მასწავლებელი მიიღებს უარყოფით შეფასებას გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემა გარე დაკვირვების გავლის მომდევნო სასწავლო წელს.“