უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია 54 წლის ქალი, რომლის ცხედარიც ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
უბედური შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მთებში სრიალისას მოხდა. ხოლო, ესპანელი შუა ხნის ქალის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.
„მოწყდა ზვავთან ერთად და ქალბატონი დაიღუპა. მარტო სრიალებდა, სამწუხაროდ მათ გიდი არ ჰყავდათ და ისე წავიდნენ სასრიალოდ. ვინც ქალს ახლდა ჯგუფში, ისინი მთის თავში იყვნენ და არ მოყვნენ ზვავში და ისინი გადარჩნენ. უბედური შემთხვევა შხარისკენ მიმავალ მთებში მოხდა. ქალის ცხედარი ადგილობრივმა გიდმა ნიკო ფალიანმა იპოვა“, -უთხრა პრაიმტაიმს მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მომხდარ ფაქტზე შსს კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებს.