ევროკავშირმა უნდა შეცვალოს წესები, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნების გაწევრიანების ახალი ტალღა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კოსმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, საკუთარი წინადადებები წარადგინონ, მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ევროკომისიის მიერ პროცესის გამარტივების მიზნით შეთავაზებულ გეგმაზე.
როგორც ევროკომისარმა განაცხადა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ უკვე წარუდგინა ქვეყნებს სამი ვარიანტი. მისივე თქმით, „მათი გადაწყვეტილების გარეშე წინსვლა ვერ მოხდება“.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ვარიანტები შემდეგია: დღეს არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება; სისტემის შეცვლა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები წლების განმავლობაში არ იყვნენ „გაჭედილ“ მდგომარეობაში; ე.წ. უკუ (რევერსული) გაფართოება – ეს უკანასკნელი წინადადება, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მისმა გუნდმა წამოაყენეს გულისხმობს კანდიდატი ქვეყნის მიღებას ევროკავშირში, ვიდრე ისინი რეფორმებს სრულად დაასრულებენ.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის წინსვლისთვის საჭირო გადაწყვეტილების მუდმივი ბლოკირების გამოა გართულებული.
„უკუ (რევერსული) გაფართოების“ იდეა ბრიუსელში განიხილებოდა, როგორც გზა, რომლითაც კიევს და სხვა კანდიდატ ქვეყნებს სრულ გაწევრიანებამდეც მიეცემათ წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და საინვესტიციო სქემებზე.
„წევრ სახელმწიფოებთან პირველი განხილვიდან ნათელია, რომ მესამე ვარიანტი მიუღებელია. ეს იქნებოდა რევოლუცია, „პირველი ვარიანტიც, ანუ სტატუს კვოც, ასევე არ არის გამოსავალი“, – აღნიშნა მარტა კოსმა „პოლიტიკოსთან“ საუბარში.
მიუხედავად ამისა, ევროკომისრის თქმით, სისტემის გადახედვა, სავარაუდოდ, მაინც მოხდება.
„ახლა ვმსჯელობთ, რა მიმართულებით წავიდეთ. როგორ შეიძლება, პროცესი დავაჩქაროთ ეტაპობრივი, გაძლიერებული ინტეგრაციის გზით“, – განაცხადა მარტა კოსმა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მარტის დასაწყისში ელჩებთან გამართულ ვახშამზე, ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ე.წ. უკუ (რევერსული) გაფართოების წინადადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები არარეალისტურად მიიჩნევენ.
გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატები მიუთითებენ ამ წინადადებაში გაწერილ რთულ იურიდიულ მოთხოვნებზე, ასევე საფრთხეზე, რომ ახალმა წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, დემოკრატიული უკუსვლა განიცადონ და შემდეგ თავადვე დაბლოკონ ევროკავშირის დღის წესრიგი, როგორც ეს უნგრეთმა გააკეთა.
„ვფიქრობთ, მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყანა უჭერს მხარს კომისიის ამ წინადადებას, ამიტომ ეს დიდი წარმატება არ არის“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ წევრ ქვეყნებს სურთ, ევროკავშირის გაფართოება მოხდეს ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, არსებობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ასევე მართალია, რომ თითქმის არცერთი წევრი ქვეყანა არ უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას, ვიდრე მოლაპარაკებები ჩვეულებრივი წესით არ დასრულდება.
ოთხმა დიპლომატმა, რომელთაც ანონიმურად ისაუბრეს, „პოლიტიკოსთან“ განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახლა საკუთარი წინადადებების შემუშავების პროცესში არიან, რათა კომისიას წარუდგინონ. ეს წინადადებები, სავარაუდოდ, შეეხება ალტერნატიულ მექანიზმებს, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს მისცემს ევროკავშირის ბაზართან და საინვესტიციო სქემებთან დაახლოების საშუალებას.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ხორვატიის შემდეგ ევროკავშირში ამ დრომდე არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა. ეს 2013 წელს მოხდა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აღნიშნავს, რომ უკრაინის მისწრაფების შესრულება, გახდეს ევროკავშირის წევრი 2027 წლის იანვრისთვის, „შეუძლებელი იქნება“.
ამასთან, მისივე თქმით, ისლანდია შეიძლება, იყოს „განსაკუთრებული შემთხვევა“ და „ძალიან სწრაფად“ წავიდეს წინ, თუ ამ ზაფხულს დაგეგმილ რეფერენდუმში ისლანდიელი ამომრჩეველი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას გადაწყვეტენ.
„ისლანდია უკვე ინტეგრირებულია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში. საერთო ბაზარიც აქვს, შენგენშიც არის. ყველაზე რთული საკითხები, რაც რეფორმებს და ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, მათ უკვე გავლილი აქვთ. დემოკრატიის განვითარების კუთხითაც და ევროპული ღირებულებების მხრივაც, ისინი ძალიან მაღალ დონეზე არიან“, – აღნიშნა კოსმა.

