უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე მასთან ვმუშაობდი ოთხი წლის განმავლობაში 2010-დან 2014 წლამდე და შევწყვიტე მისი აზრების წაკითხვის მცდელობა. ვნახოთ. ვფიქრობ, უკრაინელები ნამდვილად თანამშრომლობენ და ჩემი აზრით, ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მხარესაა“,- განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, „ძალიან კარგი“ შეხვედრა ჰქონდა დონალდ ტრამპთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, საუბრის ძირითადი თემა კი ნატო-ს მომავალი სამიტი იყო.
„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან და მის გუნდთან, რუბიოსთან, ჰეგსეტთან და მაიკ უოლცთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, მაგრამ შეხვედრის მთავარი საკითხი ჰააგაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი იყო. ჩვენ ყველანი ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ვხედავთ ნატო-ს, რომელიც თავდაცვაზე გაცილებით მეტს ხარჯავს. ეს აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ“,- განაცხადა რუტემ.