აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუს ხალხს „რუსეთის დღეს“ ულოცავს.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს რუსი ხალხის უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კვლავ დავადასტუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას“, – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.
12 ივნისს რუსეთში „რუსეთის დღე“ აღინიშნება. 1990 წლის 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო „დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“.