ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს და „აფრთხილებს, რომ არ იქნებიან მშვიდად, ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.
მარკო რუბიოს თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შეერთებული შტატები მოუწოდებს მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე.
განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს; პირველ რიგში, შეიარაღების კონტროლი აღარ შეიძლება, იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი საკითხი. „როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით კი ჩინეთს“, – აღნიშნა რუბიომ.
გარდა ამისა, განცხადების თანახმად, აშშ არ მიიღებს პირობებს, რომლებიც აზიანებს შეერთებულ შტატებს ან იგნორირებას უკეთებს ვალდებულებების შეუსრულებლობას მომავალი შეთანხმების დადების პროცესში.
ასევე, მარკო რუბიოს თქმით, აშშ მოლაპარაკებებს ყოველთვის ძლიერი პოზიციიდან წარმართავს.
„რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი თავიდან იცილებენ ვალდებულებებს და აფართოებენ თავიანთ ბირთვულ ძალებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ, საიმედო და მოდერნიზებულ ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

