აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში, შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს.
ამის შესახებ მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუბიოს ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენ დროს მისცემს ტრამპი პუტინს იქამდე, ვიდრე იმ სანქციებს დაუწესებს, რომლითაც იმუქრება.
„ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა, შეიძლება, მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება. ის ხელოვნურ ვადას არ დაასახელებს. მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები ევროპამაც დააწესოს. ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ პროდუქტებს, მათ შორის რუსულ ნავთობს. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, – თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ სურთ, წაახალისონ ევროპა, რეალურად გააკეთონ ის, რასაც ამერიკისგან ითხოვენ.