აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და არის თუ არა ეს გაჭიანურების ტაქტიკა, რაზეც რუბიომ აღნიშნა, რომ მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მოლაპარაკებების საჯაროდ განხილვას არ აპირებს.
„არსებობს გარკვეული გამოწვევები. ეს არის რთული, სამწლიანი ომი, რომელიც მიმდინარეობს ძალიან გრძელ სამხედრო ფრონტზე, მრავალი სირთულით. ასე რომ, არავინ ამბობს, რომ ეს ადვილია“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი გეგმა არის ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო მეორე გულისხმობს ყველა მხარის მაგიდასთან დაჯდომას, რათა ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს.
„არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი ადვილია, მაგრამ ჩვენ ვერ მივალთ ამ მეორე ნაწილამდე, ვიდრე არ გავცდებით პირველ ნაწილს. რთულია მოლაპარაკებების წარმოება ომის ხანგრძლივი დასრულების შესახებ, როდესაც ისინი ერთმანეთს ესვრიან და ამიტომ პრეზიდენტს სურს ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. ეს თავისთავად არ იქნება ადვილი. მეორე ფაზა, რაც გულისხმობს უფრო გამძლე და მუდმივი რამის შესახებ მოლაპარაკებას. ეს იქნება რთული. ის მოიცავს ბევრ მძიმე შრომას, დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ეს ომი ვერ გაგრძელდება. პრეზიდენტი ნათლად საუბრობს ამის შესახებ და აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, მის დასასრულებლად“, – აღნიშნა რუბიომ.