აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის გამოეხმაურა და უმადურობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით.
„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ“, – მიმართა რუბიომ სიკორსკის.
ამ განცხადებით რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.
„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის საკითხის გარდა, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.