საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის შესახებ ლე პენმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ეს ლე პენის პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე.
ლე პენის თქმით, ის გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ უდანაშაულოა.
„მილიონობით ფრანგი აღშფოთებულია იმის ნახვით, რომ საფრანგეთში, ადამიანის უფლებათა ქვეყანაში, მოსამართლეებმა მიიღეს ზომები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“, – ამბობს ეროვნული გაერთიანების ლიდერი.
ლე პენი აღნიშნავს, რომ დემოკრატია არის, როდესაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი იღებს.
„მილიონობით ფრანგი მენდობა. მე 30 წელია, თქვენთვის ვიბრძვი. მე არ ვარ სულიერად გატეხილი. თქვენ მსგავსად, მეც გაოგნებული ვარ, მაგრამ ეს აღშფოთება, ეს უსამართლობის განცდა, დამატებითი ბიძგია იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ამომრჩევლებისთვის ვაწარმოებ“, – თქვა ლე პენმა.
ცნობისთვის, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.