პარასკევი, მარტი 27, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის მარშრუტში, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის როგორიცაა – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი სურვილი და დადებითი მოლოდინები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვილი სანიოლი – გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ?

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა.„პირველ საათში ბევრი პოზიტივი, დინამიკა და მონდომება იყო ფეხბურთელების მხრიდან. გოლებიც ამის შედეგი გახლდათ. ბოლო წუთებში კი დაღლილობა შეინიშნებოდა. ეს ამხანაგური თამაშია და დებიუტანტებიც გვყავდა.როცა წინ ვიყავით, მოთამაშეებს მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინათ. გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ? ცხადია, თავდაჯერებისთვის მოგება საჭირო იყო, მაგრამ ისრაელი სუსტი გუნდი არ არის.რადგან მამაგეიშვილი მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, განვიხილავ თუ არა მას ნაკრების ძირითადი შემადგენლობის პოტენციურ მოთამაშედ? მას ყველა თვისება აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს“, – აღნიშნა სანიოლმა.საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუვასთან ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 17:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ილია II-ის ქადაგება რწმენაზე:”შიში არ უნდა გქონდეთ, ღმერთი გადაარჩენს საქართველოს”

ილია II-ის ქადაგება რწმენაზე„რწმენა ღვთისა არის ის მწვერვალი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა.“"შიში არ უნდა გქონდეთ, ღმერთი გადაარჩენს საქართველოს".„ადამიანი ყოველდღიურად დგას ორი გზის წინაშე: რწმენის, სიყვარულისა და სიმართლის გზა, ან ბოროტებისა და უსამართლობის გზა“.„რწმენა არის არა მხოლოდ დაჯერება, არამედ უფლისადმი სრული მინდობა, განსაკუთრებით განსაცდელების დროს, რათა დაძლიოს ადამიანმა სირთულეები“.

შალვა პაპუაშვილი: თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა

თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე საუბრისას.მისივე თქმით, ეს მოთხოვნაც არის მხილება იმისა, რომ საქართველოში გარე ძალებმა ღირებულება დაცლილი და იდეოლოგია არეული ხალხის ჯგუფი შექმნეს.„საუბრობენ დამნაშავეებზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ სასჯელი, ცდილობენ მაღალი მატერიებით ისაუბრობენ ამ საკითხზე - პატიება, შენდობა - ოღონდ ავიწყდებათ მთავარი კომპონენტი პატიებისაც, შენდობისაც. მთავარი კომპონენტი შენდობის არის სინანული, თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა. პატიება სინანულის გარეშე არის დანაშაულის გამართლება და არა სიკეთე. არაერთხელ ითქვა, ამას ფორმალურ-სამართლებრივი მხარეც აქვს, პროკურატურა ყოველთვის აცხადებს, რომ ის ვინც მზად არის აღიაროს დანაშაული, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, პროკურატურა მზად არის ასეთ ადამიანებთან იყოს რბილი, მაგრამ არა, საქმე ის არის, რომ მათ სჭირდებათ საკრალული მსხვერპლები და მათში ვგულისხმობ მათ შორის გარე ძალებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნამდვილად არიან ევროპელები დამოკიდებულნი ამერიკულ გაზზე?

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე და რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას. და ეს მოხდება გაზით შანტაჟის ფონზე...მოახდენენ თუ არა ევროპარლამენტარები შეერთებულ შტატებთან სატარიფო შეთანხმების რატიფიცირებას? თუ ასე მოხდება, მაშინ ეს იქნება ერთგვარი კომპრომისის გამომხატველი ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც, ერთი მხრივ, აქტიურად შეუდგა სხვადასხვა ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით და მეორე მხრივ, ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს გასულ წელს დონალდ ტრამპთან ტარიფების შესახებ მიღწეული კომპრომისი. რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და შეფერხებების შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას.შეერთებული შტატები მოუწოდებს ევროპელებს, შეთანხმების ტექსტი ყოველგვარი ცვლილების გარეშე დაამტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ გაზის მიწოდება შეუმციროს. ეს მუქარა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააჟღერა, რაც ბადებს კითხვას: ნამდვილად არიან ევროპელები ამერიკულ გაზზე დამოკიდებულნი? უდავო ჰეგემონია მას შემდეგ, რაც ევროპელებმა რუსულ გაზზე ეტაპობრივად უარის თქმა გადაწყვიტეს, ისინი სულ უფრო მეტ ამერიკულ გაზს ყიდულობენ. შესყიდვის მოცულობა, ბოლო ოთხ წელიწადში, ოთხჯერ გაიზარდა. შეერთებულ შტატებზე ახლა ევროპელების მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი მოდის და ვაშინგტონი რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია, ნორვეგიის შემდეგ.ხოლო თუ თხევად ბუნებრივ აირზე ვისაუბრებთ, რომელიც გემებით ტრანსპორტირდება და არა მილსადენით, მაშინ ამერიკული ჰეგემონია უდავოა: ევროპაში იმპორტირებული თხევადი გაზის 60% შეერთებული შტატებიდან შემოდის. ვაშინგტონი, როგორც არასდროს, ძლიერ პოზიციაშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კონკურენტი - კატარი - თამაშიდან გამოეთიშა: როგორც ცნობილია, კატარის გაზის ინფრასტრუქტურა ირანმა დაბომბა, ჰორმუზის სრუტე კი თითქმის ჩაკეტილია.მიუხედავად ამისა, ევროკომისია მიმწოდებლების დივერსიფიკაციას ცდილობს: მაგალითად, ორი კვირის წინ მან ახალი ხელშეკრულება გააფორმა აზერბაიჯანთან, რათა „რუსული ფურცელი“ ისე დახუროს, რომ შეერთებულ შტატებზე სრულად დამოკიდებული არ გახდეს, ან, როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დან იორგენსენი ამბობს, „ერთი დამოკიდებულების მეორით ჩანაცვლება აიცილოს თავიდან“.

მარკ რუტე – ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, უმჯობესია, გვქონდეს საკითხების განხილვის საშუალება, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ ურთიერთობა

მიგვაჩნია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია. უმჯობესია, ურთიერთობა გავაგრძელოთ და გვქონდეს ეს საშუალება საკითხების განსახილველად, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ ურთიერთობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.რუტეს თქმით, საქართველოს საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციას ახორციელებენ.ნატო-ს გენერალურ მდივანს დაუსვეს კითხვა, „რა შეიცვალა საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ასევე, როგორ აფასებს ნატო საქართველოში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიღებულ კანონებს, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებებს?“.„ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ ბოლო პერიოდის განვითარებებიც – სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ კურსს, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით გაგრძელდეს ის ტრაექტორია, რომელზეც საქართველო იმყოფებოდა. ამ მხრივ ამჟამად სერიოზული შეშფოთება არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი, განხილვა, მაგრამ დავიკავეთ პოზიცია, რომ უმჯობესია, ურთიერთობა გავაგრძელოთ და გვქონდეს ეს საშუალება საკითხების განსახილველად, ვიდრე ვთქვათ — არ მოგვწონს და ურთიერთობა სრულად გავწყვიტოთ“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

ბოლო სიახლეები