გაერო-ს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში.
„სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს გაერო-ს კონფერენციაში. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ტრანზიტულ-ლოგისტიკური როლი. მათ შორისაა როგორც მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის პროექტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში, ისევე, როგორც დაკავშირებადობას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.