ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

მარიამ ლაშხი – აშშ-ში ოფიციალურ შეხვედრებზე მივიღეთ პოზიტიური მესიჯები, პირველ რიგში, არის მზადყოფნა, სტრატეგიული ურთიერთობები არა მხოლოდ განახლდეს, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყოს

ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მესიჯები მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ოფიციალურ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა როგორც სენატში, კონგრესში, ასევე კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა განაცხადა.

ლაშხის თქმით, საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანია დელეგაციის შეხვედრების სია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მესიჯები, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იღებს.

„ეს, პირველ რიგში, არის მზაობა და მზადყოფნა, რომ სტრატეგიული ურთიერთობები არა მხოლოდ განახლდეს, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და პირდაპირ აისახება ჩვენი ერების კეთილდღეობაზე. ეს თანამშრომლობა გამოიხატება როგორც ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებაში, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ წინა ადმინისტრაციასთან შეხვედრებთან შედარებით, მიმართულებები სრულიად განსხვავებულია. შეცვლილია როგორც განწყობები და დამოკიდებულება, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივისცემა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განახლება“, – აღნიშნა ლაშხმა.

მისივე თქმით, სუვერენული ერების სამიტი, რომელიც დღეს უკვე გაიხსნა, იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით.

„მოგეხსენებათ, ანა პაულინა ლუნა, რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელმაც საქართველოს დელეგაცია მოიწვია არა მხოლოდ დამსწრედ, არამედ ამ კონფერენციის უშუალო მონაწილედ, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. საქართველოს ექნება შესაძლებლობა, გააჟღეროს ქართველი ერის ხმა სუვერენული ერების სამიტზე, დაიცვას ეროვნული ინტერესები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიაროს გამოცდილება, როგორი გეოპოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწია ქვეყანას როგორც სუვერენიტეტის, ისე მშვიდობის დაცვა. პანელები მოიცავს სიტყვის თავისუფლებისა და ენერგეტიკის მიმართულებებს. მნიშვნელობა ექნება საქართველოს შუა დერეფნის როლის ხაზგასმას. საქართველო კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ ინტერესს, რომელიც ეფუძნება როგორც სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობას, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და „ხალხის ძალიდან“ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ომის დაწყება მარტივია, დასრულებაა – რთული, რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას- ირანის ელჩი ალი მოჯანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება

„დაუმთავრებელი ომები იმ წუთიდან იწყება, როცა წარმოუდგენიათ, რომ ისინი მხოლოდ ორ დღეს ან ოთხ კვირას გასტანს“.ისტორიამ მრავალგზის დაგვანახა ეს შეცდომა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს გახლავთ: თუკი გუშინ ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძარი აგიზგიზდა, რა მოხდება ხვალ? შესაძლოა ამ ომის ხანძარი მისწვდეს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ჩრდილოეთ აფრიკას ან უფრო შორეულ რეგიონებს? ასეთ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ეს რეგიონები მოკლე დროში დაცარიელდეს სამხედროების, ხალხისა და ტურისტებისგან? გასული ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ომის დაწყება იოლია, მაგრამ მისი დასრულება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. ეს არ გახლავთ მხოლოდ სამხედრო საკითხი. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ამერიკელი ხალხის ინტერესებს, მსოფლიოს ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობას, გადაზიდვასა და მსოფლიოს არაერთი რეგიონის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეებისა და ტურისტების ატლანტის ოკეანის გადაღმა ტრანსპორტირება შესაძლებელია, რას იზამს ისრაელი ამ რეგიონების მოსახლეობასთან? წაიყვანს თუ არა მათ სახლში, რათა თავშესაფრებში ირანულ რაკეტებს დაელოდონ? გაოცებული ვარ, რეგიონში მყოფი ისრაელელი დიპლომატები რატომ არ იძლევიან საკუთარ საკონტაქტო ნომრებს? ნუთუ ომის გეოგრაფიის გაფართოების შიშით თვითონ ადრევე დატოვეს ეს რეგიონები? რას ნიშნავს მათი სიჩუმე? საიდან მოხვდნენ ხალხში? სიმართლეს მომავალი დღეები გამოავლენს. ისტორიის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სწორედ ესაა: ნებისმიერი ომის დაწყებამდე, მის დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

საქართველოს საგარეო უწყება – რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.“დღეს, რიადიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციში.

მარკო რუბიო: თურქეთზე თავდასხმები მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირე თურქეთზე თავდასხმა „მიუღებელია“.საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ „თურქეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმები მიუღებელია და აშშ-სგან სრული მხარდაჭერა აღუთქვა“.

კაია კალასი – არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს

არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ (5 მარტს, მინისტერიალის შეხვედრაზე), კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაძაბულობის რეალურად შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია, შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს, თუ ორმხრივი თავდასხმები დაიწყება და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კაია კალასმა.ამასთან, კალასმა ირანის მიერ კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების უნართან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.„თუ ირანი ახლა თავის გარშემო არსებულ ყველა ქვეყანას მიზანში ამოიღებს, საბოლოოდ მას ბევრი არჩევანი არ ექნება, ამიტომ საბოლოოდ ეს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ირანი იბრძვის, ის სინამდვილეში მარტო იბრძვის, თავის „პროქსებთან“ ერთად. რუსეთი მათ არ უჭერს მხარს. და ეს სხვა სიტუაციებისგან ძალიან განსხვავდება“, – აღნიშნა კალასმა.

სენატმა არ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება

აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.CNN-ის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 47-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 53 კი - წინააღმდეგი წავიდა. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა „დემოკრატმა“ სენატორებმა და მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლიმ მისცა, მის დაბლოკვას კი მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა და ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.CNN-ი განმარტავს, რომ რეზოლუციას, დამტკიცების შემთხვევაშიც, წინ რთული ბრძოლა ელოდა, რადგან წარმომადგენელთა პალატაში გადასასვლელად მას სენატში შესწორების შეტანის სრული პროცესის გავლა და შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევდა, რისთვისაც კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.

ბოლო სიახლეები