დღეს, თბილისში, ბორჯომის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ხანძრის გამო, ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
როგორც საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, “თბილისი ცენტრალის” საკუთრებაა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მფლობელობაშია.
ინფორმაციას ამის შესახებ, “თბილისი ცენტრალიც” ადასტურებს და თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტერიტორია სადაც ხანძარი გაჩნდა, მას 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული. თუმცა ამდროისთვის შპს “ბაქანზე” აქვს გაქირავებული.
“თბილისი ცენტრალის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს “თბილისი ცენტრალს” საქართველოს რკინიგზისგან.
არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს “ბაქანი”. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.
ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს “ბაქანი” უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზარალის სრული შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.