დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.
„ამ პოლიტიკურ ცენტრში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა, რომლის გარშემოც ყველა ის მანდატდატოვებული და მანდატდაუტოვებელი დეპუტატიც ამ შემთხვევაში – ვიცით, რომ, როგორც ბატონი გახარია ამბობს, მაისში დატოვებენ ამ მანდატებს, კი ბატონო, დაველოდოთ ამ პროცესსაც – ჩვენ ეს ალტერნატივა უნდა დავანახოთ გარე სამყაროს, და რაც ყველაზე მთავარია, დავანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შეგვიძლია ერთ ოთახში რაღაცაზე ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ამ ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მას უნდა „დაშალე და იბატონე“ და ამ პრინციპს ახორციელებს. მას აწყობს ეს შეუთანხმებელი ამბავი და თუ აწყობს ბიძინა ივანიშვილს, აწყობს რუსეთს და ვერ ხდება ძალების კონსოლიდირება. დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო. როცა არჩევნები ჩაინიშნება, მერე ვიღაცა გადალაგდება, ვიღაცა ახალ კოალიციას გააკეთებს, ახალი პარტია შეიქმნება და მერე ყველას გაუმარჯოს ღმერთმა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.