ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ. ეს იყო ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბატონმა დანიელსონმა ძალიან სერიოზული სამუშაო ჩაატარა. იმედი მაქვს, რომ უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს მივიღებთ. თქვენ იცით, რომ, გარდა სხვა მოთხოვნებისა, ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე – თუ როგორი ფორმითა და რა დროს უნდა დაინიშნოს. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. ბატონმა დანიელსონმა ბატონი შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადააქცია“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა დღეს უკვე მესამე შეხვედრა გამართა. „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების შემდეგ, კრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრაზე იყვნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.
იქამდე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი, ასევე – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.
დილით გამართულ შეხვედრას კი, „ქართული ოცნების“ მხრიდან, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ, თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. მათ მოლაპარაკებისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, დღეს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ შეხვდეს შარლ მიშელის წარმომადგენელს.