12 საათში, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი არჩევანი და უარი ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ამომრჩევლისადმი მიმართვისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“, როგორც საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა პროდასავლურმა პარტიამ აირჩია, არის უალტერნატივო მშვიდობიანი გზა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
„მივიღეთ გამოწვევა და შევედით ბრძოლის უმძიმეს ველზე, რომ არ დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე მოღალატე, ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ კიდევ მრავალი წელი.
ამ ნაბიჯით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას და ქვეყნისთვის ისტორიულ, გარდამტეხ მომენტში ვდგებით ხალხთან ერთად და ერთიანი ძალებით შევდივართ ამ ბრძოლაში. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციით და ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძვით ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი გზით ჩამოსაშორებლად! ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისა და სოფლისთვის, თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისთვის და სოციალური კეთილდღეობისთვის.
გამარჯვების მისაღწევად, თითოეული მოქალაქის ჩართულობა და მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როდესაც ერთმა ხმამ შესაძლოა, გადაწყვიტოს ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი მომავალი. ამიტომ, კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ ეტაპს და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.
ხვალ, მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ხვალინდელი არჩევანით, ქართველმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაამარცხებს.
რეჟიმის ჩამოშლა შესაძლებელია მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით. სწორედ ასეთი „სუსტი წერტილია” თბილისი, რომელიც ოცნებამ უკვე წააგო და წააგებს ხვალაც, თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე. თბილისის წაგება კი შესაძლოა, გახდეს ის წერტილი, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება.
თბილისმა დაინახა ამ კამპანიის დროს, რომ მას აქვს არჩევანი – ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა, ახალი თაობისა და ახალი ფორმაციის, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლის არჩევითაც ჩვენ დავასრულებთ თბილისის მკვლელობას და ოპოზიციური დედაქალაქი დააჩქარებს რეჟიმის დასასრულს. ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები, ერთად უნდა დავიბრუნოთ საქართველო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.