პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ბადრი ჯაფარიძეს კი კომისია სთავაზობს, პარლამენტში 16-საათამდე მივიდეს და შეკითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.
კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი, სისხლის სამართლის დანაშაულია.
საგამოძიებო კომისიამ, დღეს, ნავთობკომპანია “მაგნატის” ჩამორთმევის საქმე განიხილა.
მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
“ბატონმა მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე. ამას მან “ფეისბუკ” პოსტიც მიუძღვნა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და მისი არგამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა, კომისიის წინაშე არგამოცხადება, კომისიის რომელიმე სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამისთვის გათვალისწინებულია ისეთი სასჯელი, როგორიც არის 1 წლამდე პატიმრობაც კი, მხოლოდ იმის გამო, რომ უარს იტყვის კომისიის სხდომაზე მოსვლაზე.
ბატონი ბადრი ჯაფარიძისთვის შეთავაზებაა, რომ 16:00 საათამდე დღეს გამოცხადდეს და მოგცეს განმარტება შპს “მაგნატის” საქმეზე. მით უფრო, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე ყოფილა ის ადამიანი, ვისაც მას შემდეგ, რაც ჯემალ ლეონიძემ დატოვა საპატიმრო და უკვე განიავებული დახვდა თავისი მრავალმილიონიანი ქონება, უთქვამს, რომ კეზერაშვილი თურმე არის ღმერთი, რომელმაც “თიბისი” ბანკი გადაარჩინა, რადგან სხვადასხვა ქონებები სწორედ “თიბისისგან” შეიძინა. ეს ქონება ყოველთვის იყო ხოლმე კერძო პირისგან წამოღებული და უდანაშაულო ადამიანისთვის წართმეული. ასეთ პირობებში, აუცილებელია, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე მობრძანდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე სხვა გზა გვექნება სამწუხაროდ და იძულებულები ვიქნებით, რომ სხდომის დასასრულს მისი საქმეც, ხაზარაძის საქმის მსგავსად გადავაგზავნოთ პროკურატურაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.