სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

მამუკა მდინარაძე: რადგან საქმე ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე?! თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, არცერთ პოლიტიკოსს არ გამოუყენებია წინადადება – „დასავლეთს უნდა ომი“ და კონკრეტულ კითხვებს პასუხი რომ გასცემოდა, ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდებოდა.

„თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა – „დასავლეთს უნდა ომი“. ჩვენი რჩევა იყო, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცემოდა, რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა. თუ კითხვები დაისვა, ეს არის თავდასხმა და თუ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა ან დაბრალება მოხდა, ეს არაფერს არ ნიშნავს? რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია და კითხვაც არ დავსვათ – ეს არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება და ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა ასე არ უნდა იფიქროს. შეგვიძლია ვურჩიოთ კიდევაც, რომ ჯობია გაეცეს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები, ის რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და ეს არ გაბედოთ, ასეთი მონური ფსიქოლოგია ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დევიდ ბექჰემი რაინდი გახდა

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.

მარტა კოსი – საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

ევრკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშები წარუდგინა.მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია მკვეთრად დამძიმდა.„კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლა ამ დონემდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს მოქალაქეთა ევროპული მომავლის მოთხოვნას. ევროპული საბჭოს ბოლო წლების დასკვნების თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩეინის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულება, გულისა და სისხლძარღვების ავადმყოფობა გახდა.დიკ ჩეინი 1941 წლის 30 იანვარს ნებრასკის ქალაქ ლინკოლნში დაიბადა. 1975-1977 წლებში ის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1989-1993 წლებში ჩეინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტს იკავებდა. 2001-2009 წლებში ჩეინი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო – ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, აღნიშნულია რომ ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო),მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო),მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ დანაშაულებს ახორციელებს

შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ დანაშაულებს ახორციელებს.„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემოქმედებაა ის კანონი, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს. მაშინ, იყვნენ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები და ჩართული ამ საკითხებში. შემდეგ ის კანონი გააძლიერეს, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს ეხება. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და შემდეგი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს მართვის სისტემას, არასწორი, დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს, კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან. სამწუხაროდ, დანაშაულები ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ახალგაზრდებს ის უზარმაზარი ტკივილი არ უნახავთ, რაც ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურად არაერთმა ქართულმა ოჯახმა განიცადა. აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაც არსებობს, კონკრეტული დადგენილება, კონკრეტული ფორმულირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ბოლო სიახლეები