წარმოუდგენელია, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა შეფასება მივცეთ იმას, რაც მათ ბანერზე გამოაკრეს – ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისინი ასრულებენ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მუნიციპალურმა სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო და ბანერების ჩამოხსნა დაიწყო, ოპოზიციური პარტიები პოპულისტურად ერთმანეთს ასწრებდნენ ბანერის ჩამოხსნას.
„როგორც ვიცი, „პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში 2 ასეთი ბანერია გამოაკრა. მეორე ბანერის ჩამოხსნის დროს ერთმანეთს ასწრებდნენ პოპულისტურად ოპოზიციური პარტიები. მარათონი აქვთ, რომელი მიასწრებს ბანერთან, რომ თითქოს ისინი არიან ყველაზე მაგარი პატრიოტები და ჩამოხსნეს. რა თქმა უნდა, გულწრფელადაც შეიძლება ვინმეს გაუჩნდა ღია პროტესტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თუ იმ პარტიებმა მიასწრეს იმ ბანერთან ჩამოსახსნელად, რომლებიც აშკარად არა, მაგრამ მათი ფარული საქციელებით და მოქმედებებით კიდევ უფრო მყარად უჭერენ მხარს რუსულ საქმეს, ეს კიდევ უფრო ამაზრზენი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შინაარსის ბანერები ჩამოიხსნება და ასეთ მესიჯებსაც ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“. ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.