მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
„ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას, ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა, საქართველოს ხელისუფლებას რამენაირად მიაწებოს პრორუსის იარლიყი. საუკუნის აფიორა დასჭირდებათ პიარკამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეთ, ისინი ცდილობენ, თავის ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვას პრორუსი.
ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ, მათ მეთოდი აქვთ გაღმა შედავების, თუ საუკეთესო თავდაცვა რომ თავდასხმაა, აი, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, თავის პიარს ალაგებენ და ამ კომპლექსით მოქმედებენ, ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად გააკეთეს. ამ შემთხვევაში, ასეთი განცხადებებით, იყო იმ ნარატივის ლობირება, რომელიც ემსახურება „ნაცმოძრაობის“ კომპლექსის მოხსნას და იმ მიზანს, მათ სტრატეგიას, რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა.
ამ მიზნიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა“ და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მათ ნარატივს მხარს უჭერენ, „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლობისტების მთავარ კომპლექსს ებრძვიან იმის შესახებ, რომ მათ თავის დროზე ჩაიდინეს ამ ქვეყნის ღალატი, გაყიდვა. ეს მდგომარეობდა შემდეგში: თავის დროზე, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ქვეყანას და ჯარისკაცებს. ხელი მოუწერეს პუტინს ომის დაწყებაზე და აქედან გამომდინარე, ახლა ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც აპირებს მაგალითად რუსული კანონის მიღებას. ამ იარლიყის მიწებების მცდელობა ყოველ ჯერზე იქნება წარუმატებელი. შეიძლება, რაღაც მომენტში, მცირე წარმატებას მიაღწიეს იმის ხარჯზე და ფონზე, რომ დაალაგეს კამპანია, რომელმაც იმოქმედა გარკვეულ პირთა ჯგუფზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.