მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისასალმებელია საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ის გადაწყვეტილება უპრეცედენტო – 132-მილიონიანი დახმარების თაობაზე. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული აშშ-საქართველოს შორის უპრეცედენტო დონის თანამშრომლობის შედეგია.
„როგორც კი იმ უპრეცედენტო დაფინანსების მცირე ნაწილზე, კონკრეტული დათქმის პროექტზე იყო საუბარი, მაშინ ამას საქართველოში მოჰყვა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს დაფინანსებას, მსგავსი ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა. მსგავსი დათქმა უკვე გამოირიცხა და ეს არ არის ერთი-ორი დღის ამბავი, რამდენიმე კვირის, თუ თვის წინ მოხდა. მივესალმებით მთავარი პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებას, რომ უპრეცედენტო – 132-მილიონიანი დახმარება ექნება ჩვენს ქვეყანას.
ეს გამოწვეულია უპრეცედენტო თანამშრომლობით. ამ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა, ეს გამოიწვია საქართველოში განვითარებულმა პროგრესმა და ჩატარებულმა რეფორმებმა, სადაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი და თუ ძალიან მოგვინდება, ხარვეზიც მოიძებნება, მაგრამ ამერიკა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ფიქრობს, რომ ეს დახმარება არის რელევანტური ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან $132 მილიონზე მეტს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია ამერიკის 2021 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
