მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, მათ შორის, თითოეულ პოლიციელს, უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვა უწყებების თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც მყარად დგანან თავიანთი სამშობლოს სადარაჯოზე, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც ამის საჭიროება მომეტებულად არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვიღაცებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოხდებოდა, რაც ვერ მოახერხეს.
„ვიღაც-ვიღაცებს ამ ქვეყანაში „ნაცმაიდნის“ მოლოდინი ჰქონდათ, რისი აუცილებელი პირობაც იყო ის, რაც დაგეგმილი იყო 16-20 დეკემბრისათვის, მაგრამ გადმოიწია ამ დღეებში – უნდა მომხდარიყო უწყებების, ინსტიტუტების, სისტემების ჩამოშლა, რაც ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება და გვაქვს ცალკეული პრობლემები, რიგ შემთხვევაში, ამას ტენდენციური ადამიანები ახორციელებენ, მაგრამ ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მუშაობს გამართულად და ამისათვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, ეს იქნება განათლების სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი, სხვა სამინისტროს წარმომადგენლები თუ პოლიციელი, რომელიც, ამდენი ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ძალიან მყარად დგას და მოთმინებით იცავს თავის ქვეყანას. არის ხოლმე სამწუხარო ინციდენტები, განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომელიც მძიმე მდგომაროებაში მყოფ ახალგაზრდას შეეხება, მაგრამ, საბედნიეროდ, როგორც ექიმები გვეუბნებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება. იქ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი. მგონია, რომ ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.