სამშაბათი, დეკემბერი 24, 2024

მამუკა მდინარაძე – დონალდ ტრამპი თუ შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები აშშ-ის ბიუროკრატიაში, მაშინ ჩვენს ქვეყანაზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება

ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე. გახსოვთ ტრამპის ორი მთავარი დაპირება. ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს. ერთია ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ე.წ. დიფ სთეითზე საუბრობენ ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები და ეს ნიშნავს აშშ-ის ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ტრამპი თუ დაამარცხებს არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში, საქართველოზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება.

„არაფორმალურ მმართველობაზე როცა მიგვითითებდნენ ხოლმე – ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი – აღმოჩნდა, თურმე მაგალითად „ჰილი“, ძალიან გავლენიანი გამოცემა თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა მოქმედი ადმინისტრაცია. ომის პარტიას ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს გაერჩია, ვინ იყო ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მის კლასტერი, აგენტურა. გლობალური ომის პარტია – გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები. როცა არის ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი, რაზეც საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს. ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ამისი ავტორები, ვის გავლენებზეცაა საუბარი, პირობითად თუ არაპირობითად შეგვიძლია მოვიხსენიოთ გლობალური ომის პარტიად ან გლობალური ომის ძალებად და ა.შ. ჩვენ რომ გაღმა და გამოღმა გვედავებოდნენ, თურმე თავად ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოში ყოფილა არაფორმალური გავლენები, არაფორმალური მმართველობა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს. ბევრი საუბარი მიდის, უამრავი ინტერვიუ იქნა მიცემული, მათ შორის მასკი ბოლო დროს რა ინტერვიუებს იძლევა, თავად ტრამპის სხვა თანამოაზრეები და გუნდის წევრები როგორ პოზიციონირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მთავარი – ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი – რამდენად შეძლებს, გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი, ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მიმართ მის მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით. მეორე – როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. ის თუ შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება. აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული, ვიღაცას მოსწონს ტრამპი, ან არ მოსწონს, ან მას მოვწონვართ ჩვენ თუ არ მოვწონვართ, დამოკიდებულია იმაზე, ის რამდენად შეძლებს თავისი დაპირების შესრულებას, რომ „დიფ სთეითი“, შესაბამისი არაფორმალური გავლენები სახელმწიფო ბიუროკრატიაზე შეამციროს ან საერთოდ ამოძირკვოს. ამ შემთხვევაში საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო რთულად გვექნება ბევრი რაღაც გადასატანი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მექანიზმი მძლავრად მუშაობს, გნებავთ გლობალური ომის ძალებს, გნებავთ ომის პარტიას, ლოკალურს თუ გლობალურს, თავისი გავლენები აქვს და ამ გავლენებით, ე.წ. დიფ სთეითის გავლით წნეხი აქვს საქართველოზე, შეიძლება, ეს გაგრძელდეს რაღაც ფორმით,  ჩვენ ამას ვუმკლავდებით დღესაც, ხვალაც გავუმკლავდებით, მაგრამ დამოკიდებული იქნება იმაზე, არაფორმალური გავლენები რამდენად შესუსტდება. რაც უფრო შესუსტდება, მით უფრო ძლიერად იქნება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს

„თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!“, – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს. „მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერებთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ, დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი! პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის, თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ტალახს მესვრით. პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ. ამბროლაური“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დასახელდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს ახალი კაბინეტის შემადგენლობა დასახელდა. ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფისმა ახალი მთავრობის შემადგენლობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა კაბინეტს ქვეყნის ბიუჯეტის გარშემო დავის გამო პარლამენტმა ნდობა აღარ გამოუცხადა. ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მიერ დაკომპლექტებული მთავრობა მოიცავს როგორც კონსერვატორებს, ასევე ცენტრისტული და მემარცხენე წრეების წარმომადგენლებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს ბანკირი ერიკ ლომბარი დაიკავებს. ხისტი მემარჯვენე ბრუნო რეტაიო რჩება შინაგან საქმეთა მინისტრად. სებასტიან ლეკორნუ, რომელიც უკრაინისთვის საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერის წინა ხაზზე იყო, თავდაცვის მინისტრად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრად დარჩება ჟან-ნოელ ბარო, რომელმაც ბოლო კვირებში ახლო აღმოსავლეთში ბევრი იმოგზაურა. ახალ მთაბრობაში არის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მანუელ ვალსი იქნება ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ელიზაბეთ ბორნი განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.​​​​​​​​​​​​​​​​ როგორც ფრანგული მედია წერს, ახალ მთავრობას, უპირველეს ყოვლისა, მოუწევს 2025 წლის ბიუჯეტეზე მუშაობა. ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ამჟამად არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა. ამის გამო საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია. ექსპერტების აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრად წარდგენილ ბაირუს პოლიტიკურმა გამოცდილებამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენას.

ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა. ორგანიზაციამ 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ნაკრების მთავარი მევრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაასახელა, რომლსი ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. ვილი სანიოლი, რომელმაც „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, იქ კი მერვედფინლში ითამაშა, IFFHS-მა მე-9 ადგილზე დაასახელა. ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელიც საუკეთესო სპეციალისტების სიაში მოხვდა. 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი: 1. ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთი – 274 2. ლიონელ სკალონი, არგენტინა – 148 3. დიდიე დეშამი, საფრანგეთი  – 35 4. გარეტ საუთგეიტი, ინგლისი – 26 5. ემერსონ ფაე, კოტ დ’ივუარი – 18 6. იულიან ნაგელსმანი, გერმანია – 17 7. ნესტორ ლორენცო, კოლუმბია – 14 8. ვინჩენცო მონტელა, თურქეთი – 8 9. ვილი სანიოლი, საქართველო – 6 10. მარსელო ბიელსა, ურუგვაი – 5

დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ღიად აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა აშშ-ში „დიფ სთეითის“ ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხებაა – სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და მის გეგმებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, აშშ-ში არაფორმალურ მმართველობას დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროსაც ებრძოდა, თუმცა მან ეს ბრძოლა წააგო. სოზარ სუბარის განცხადებით, ამ გამარჯვებით ტრამპი და მისი გუნდი განსაკუთრებით მიუდგნენ „დიფ სთეითის“ (deep state) საკითხს და ღიად აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფორმალური მმართველობის დამარცხებაა. „ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფორმალურ მმართველობას დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს გამოუცხადა ბრძოლა, თუმცა მაშინ ის პრაქტიკულად დამარცხდა. მთელი ოთხი წელი მან ისე გაატარა, რომ ერთი იმპიჩმენტის პროცედურიდან მეორე იმპიჩმენტის პროცედურაზე გადადიოდა და ვერ მოიცალა, რომ მიეხედა ამ არარჩეული ადამიანების მმართველობისთვის, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამერიკის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე. ახლა, ამ გამარჯვებით, ის განსაკუთრებით მტკიცედ მიუდგა ამ საკითხს და მისი გუნდის წევრებიც ერთხმად აცხადებენ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება მათი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები