ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება, – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე „ლელოს“ მიერ ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ჯაფარიძეს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს ვადაზე ადრე შეუწყდა, მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ დაუჭერს.
„დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს ბადრი ჯაფარიძეს. მე მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია და აქედან გამომდინარე მაქვს ეს ვარაუდი. ამ შემთხვევაში, მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თუკი სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და საბოლოო განაჩენი, მათ შორის პოლიტიკური, იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ”, – განაცხადა მდინარაძემ.