ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ 1tv წერს.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში ბევრი ღირსეული კანდიდატია, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას შეძლებს.
“გუნდში კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, ჩემი პირადი პოზიცია, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური გუნდის, ის არის, რომ გუნდში გვყავს ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს საზოგადოების ნდობას. კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ბუნებრივია, როდესაც ჩამოვყალიბდებით, ამის შესახებ პირველები თქვენ გაიგებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უფრო ახლო პერსპექტივაა, ვიდრე საპარლამენტო, ის პრეზიდენტად კენჭისყრას დღეს არ აპირებს.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. როგორც მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მზად არის, ხალხს დაუბრუნოს დაკარგული დემოკრატია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.