დოდო აბაშიძე 1 მაისს 101 წლის გახდებოდა… ადამიანების მოყვარულ არტისტზე ქვემოთ მოყვანილი ფაქტიც ბევრის მთქმელია. ისტორიას, თუ როგორ ხვდებოდა მამის საფლავზე მისულ ზაზას მუდმივად დანთებული სანთელი, დოდოს ისტორიკოსი ვაჟი ჰყვება.
ზაზა აბაშიძე: დიდუბეში, მამას საფლავზე მისულს ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; ერთხელ ვკითხე მესაფლავეებს, ხომ არ იცით, ვინ მოდის, ან ჰკითხეთ, ვინ არის-მეთქი? ვიღაც მამაკაცი მოდის და მასთან ერთად ზოგჯერ ქალბატონიცო.
გაირკვა: ამ მამაკაცს დაუნახავს დოდო ზის რესტორანში და მეგობრებთან ერთად ქეიფობს; რომ წამოიშალნენ და გარეთ გავიდნენ და ეს კაცი გაედევნა დოდოს და უთხრა, ეგებ დამეხმაროთ, ამდენი ხანია ბინის რიგში ვარ, ექვსი შვილი მყავს, ვაგონში ვცხოვრობ, ეგებ ხმა შემაწიოთო; ვისთან შეგაწიოთ ხმაო, უკითხავს დოდოს; წამოდი გურამ გაბუნიასთან მივიდეთო; მივიდნენ; რა ხდებაო, უკითხავს ბატონ გურამს; ნახე, რა ბიჭია, ექვსი შვილი ჰყავს, ორი გოგო, ოთხი ბიჭი და აუხსნია სიტუაცია.
იმ წუთში გადაუწყვეტია ეს პრობლემა ბატონ გურამ გაბუნიას; მიიღეს ბინა და მისულან დოდოსთან და უკითხავთ, მადლობა რითი გადაგიხადოთო?
მამას უპასუხია: რომ მოვკვდები, მოდი ჩემს საფლავზე და სანთელი დამინთეო; ასე დადიან დოდოს საფლავზე ამდენი ხნის განმავლობაში და უნთებენ სანთელს…