მე არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, რადგან ჩვენი, მათი პედაგოგების მოვალეობაა, ყველა გზა და ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მაკა ვასაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რომ ასე მოხდა თსუ-ში, მაგრამ თსუ-ს რექტორმა არავითარ შემთხვევაში არ შეუშვა პოლიცია. თქვა, თვითონ მოვაგვარებ ჩემ უნივერსიტეტში ამ პრობლემასო. ასე მოხდა აკადემიაშიც და ადგნენ ის სტუდენტებიც. ეს ჩვენი, ყველას ბრალია. ეს არ არის მარტო ვთქვათ, რექტორის, მისი თანაშემწის და სხვადასხვა ინსტანციის ბრალი, ეს ყველა ჩვენგანის, ჩემი ბრალიც არის. როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს პოლიცია გამოუძახო, თან სამჯერ, ზედიზედ? ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, გიორგი შალუტაშვილისთვისაც მიუღებელია. მე არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს თავში და ვინ გამოიძახა პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. საფლავებში ტრიალებენ ახლა ჩვენი წინაპრები, რადგან ისინი ყოველთვის ახერხებდნენ ყველა სიტუაციის მოგვარებას საბჭოთა კავშირის დროს“, – განაცხადა ვასაძემ.