დღევანდელ დღეს, ზუსტად სამი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ეს ომი დღემდე გრძელდება და მას თანახლავს უდიდესი ადამიანური ტანჯვა და საერთაშორისო სამართლის მძიმედარღვევები, ეს ომი ნათლად აჩვენებს ადამიანის უფლებების დაცვაზე შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრეველ ზეგავლენას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის ასევე კარგად არის ცნობილი იმ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგად დადგა.
„ვიდრე მიმდინარე საკითხებს შევეხები, ნება მომეცით, გავიხსენო კიდევ ერთი თარიღი, 25 თებერვალი, 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელმაც შვიდი ათეული წლით შეაჩერა ჩვენიქვეყნის დემოკრატიულიგანვითარება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. ჩვენი უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვითარებისთვის მშვიდობასა და სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საბჭოსთვის კარგად არის ცნობილი იმ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგად დადგა. ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, წამება და მკვლელობა, ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი უკანონო ოკუპაციის თანმდევი ატრიბუტებია, რომლებიც თავის მხრივ, იწვევს საზოგადოების გახლეჩვას და ადამიანებს უმძიმეს ჰუმანიტარულ პირობებში აყენებს. რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ორივე რეგიონში ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების მიმდინარე დარღვევაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლების წართმევის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და არ გააჩნია სამართლებრივი ძალა, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) ყოველწლიური რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“ კვლავ განიხილავს ადგილზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას და არაერთხელ მოითხოვს ორივე ოკუპირებულ რეგიონთან ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელ და დაუყოვნებლივ წვდომას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წელს სექტემბერში, საქართველო კვლავ წარადგენს რეზოლუციას და ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. თქვენო აღმატებულებებო, სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის უფლება დემოკრატიული მმართველობის არსებითი ელემენტია. 2024 წელი რეკორდული საარჩევნო წელი აღმოჩნდა გლობალურად: საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩევლები, 60-ზე მეტ ქვეყანაში მივიდნენ. გასული წლის 26 ოქტომბერს, უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ აკეთებდა თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს საქართველოს ორი მილიონი მოქალაქე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, სესიაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და აქტიური ჩართულობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან.
„საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჟღერდებასპეკულაციები, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. უნდა შეწყდეს ხელოვნური კრიზისის შექმნასა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მანიპულაციების გამოყენება და ხალხის დემოკრატიული არჩევანის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. ძვირფასო კოლეგებო, მჯერა, რომ მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას შეუძლია უფრო საიმედოდ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ნება მომეცით, მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანო: 2012 წლიდან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა: 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3045 საჩივარი და 2024 წლის ივლისის მდგომარეობით – 175 საჩივარი მნიშვნელოვან შედეგის დასტურს წარმოადგენს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ შეიქმნა პოზიტიური რეპუტაცია სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. 104 საქმიდან 86 დაიხურა 2013 წლიდან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს ინკლუზიური ეკონომიკის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სამუშაო ადგილების შექმნის, დასაქმებისა და სოციალური ექსკლუზიის შემცირების თვალსაზრისით, გადაუდებელი სოციალური პროგრამებისა და სერვისების შემუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო კვლავ მხარს უჭერს საბჭოს მანდატის ეფექტიან განხორციელებას და თავის როლს ასრულებს ქალებისა და გოგონების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებათა ხელშეწყობის კუთხით, ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წინაშე ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო ახალი ინიციატივა, შესწავლილ იქნას ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) ფაკულტატიური ოქმის შემუშავები სშესაძლებლობა უფასო განათლების უფლების გაძლიერების მიზნით. საქართველო შესაბამისი სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ რეზოლუციის თანასპონსორობით გამოხატავს მხარდაჭერას. დასასრულს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მთავრობის სრული მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) და აქტიური ჩართულობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.