გამოძიებას ჰქონდა კითხვები ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. მაშინ ვიყავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე გზის გაყვანის საჭიროება იყო, რადგან არსებობდა ტერიტორიის მიტაცების რისკი, აგრეთვე, ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოიკითხა.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა საფრთხეები გაანალიზებული, ცქიტიშვილი ამბობს, რომ საფრთხეეებს განსაზღვრავს შესაბამისი სამსახურები და თავად ამაში ჩართული არ ყოფილა.
„ბუნებრივია, ვალდებული ვიყავი, ამ კითხვებთან დაკავშირებით გამეცა პასუხები. ნაკლებად მაქვს დეტალებში შესვლის სურვილი. ალბათ ამის თაობაზე ისედაც ვისმენთ მრავლად მედიაში. გამოძიების კითხვებია ეს უფრო, ვიდრე მედიასთან სალაპარაკო. მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო იმ ეტაპზე, რადგანაც არსებობდა როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული, ვისთან რა ფორმით და როგორ. ეს იყო ცნობილი ჩემთვისაც, მათ შორის როგორც მინისტრისთვის მაშინ, როცა ჯერ კიდევ გზის გაყვანის სამუშაოების საჭიროება იყო.
საფრთხეეებს განსაზღვრავს შესაბამისი სამსახურები, ასე რომ, ამ შემთხვევაში მე პირადად ამაში არ ვყოფილვარ ჩართული. ვერ გავიხსენებ, მთავრობის სხდომაზე თუ იყო მსჯელობა ამ თემაზე. ჟურნალისტებს გემახსოვრებათ, რომ ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის თაობაზე აქტიურად მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში, სადაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ არსებობდა ბორდერიზაციის საფრთხე. შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ აქედან გამომდინარე იყო საფრთხეები შეფასებული და შეფასების შედეგად, შსს-ს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.