ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025

მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის “ამას ვერ მოუსმენდა”.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს – ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმის სადგურთან მოხდა.როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ლიანდაგზე მატარებლის გასწრებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მატარებელი დაახლოებით ერთი საათი გაჩერებული იყო.

ლევან ხაბეიშვილი – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს დავემალები, ძალიან შემცდარა! – ჩემი ძმაკაცია – შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და დახმარებას...

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელსა და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! - ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ „ტიტუშკის" მოქნეულ ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, ლევან ცანავას, რომელიც სუს-მა თაღლითობის ბრალდებით დააკავა, პროვოკაცია მოუწყვეს.„ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ "ტიტუშკის" მოქნეულ - ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!წესიერი კაცია, მშრომელი. ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება, დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა, რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშას „სუს-ის“ აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა“,- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლევან ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მაუის კუნძულის ცენტრალურ-ჩრდილოეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. მოსახლეობას კვლავაც მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაინაცვლონ. ცუნამი ასევე დაფიქსირდა კუნძულ ოაჰუზეც. ამ ეტაპზე ხელისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ არ იუწყება. სტიქიის გამო, ჰავაის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ჰავაის პორტებიდან კომერციული გემების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ყველა ნავსადგური ამჟამად დახურულია.ცოტა ხნის წინ ცუნამი ასევე დაატყდა თავს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთსაც. კერძოდ, ივატეს პრეფექტურის საპორტო ქალაქ კუძისთან ტალღების სიმაღლე 1,3 მეტრს აღწევს. იაპონიის ხელისუფლებამ წყნარ ოკეანეში სიტუაციის მონიტორინგში ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები ჩართო. სტიქიის გამო ევაკუირებული იყვნენ 2011 წლის მარტში დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები. დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების ნაწილის მოძრაობაც. დაზარალებულებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა 30 ივლისს, ღამით მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. შედეგად დაიტბორა კურილიის კუნძულებზე მდებარე ქალაქი სევერო-კურილსკი. რუსული მედიის ცნობით, სტიქიის გამო სახალინის რეგიონში, კურილიის კუნძულების ჩრდილოეთით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ მიწისძვრის შემდეგ კურილიის კუნძულებზე 2,7 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანდა შენობები. კამჩატკაზე მიწისძვრის შემდეგ ათეულობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 30 ივლისს ღამით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ასევე ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.

ტატა ხვედელიანი – თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც ჩვენ და „ლელო“ შევდივართ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ბრძოლაში, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატურას, აქტიურ ფაზაში ვართ

„გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის მიმდინარეობს ზოგადი სახის კონსულტაციები როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.ტატა ხვედელიანის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ კანდიდატურებზე ვერ ისაუბრებს.„ძალიან ბევრი განსახილველი საკითხია, განსახილველი კანდიდატურები, შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატურას ჩვენ ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გეტყვით, რომ აქტიურ ფაზაში ვართ შესული, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატურას. 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა, რათა წარვადგინოთ მისაღები კანდიდატურები. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან ძალიან ღირსეულები, იქნებიან კონსენსუსის გზით შერჩეულები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენი გადაწყვეტილება მისაღები იყოს იმ პარტიების ამომრჩევლებისთვისაც, ვინც ირჩევს ბოიკოტის გზას.ჯერ კონკრეტულ კანდიდატურაზე ვერ დაგეთანხმებით და ვერ გესაუბრებით. გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები, არც სუს-ის მიერ ან პროპაგანდისტული მედიების ქარდები“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.რაც შეეხება, იყო თუ არა განხილული ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა, ტატა ხვედელიანის თქმით, ბევრი კანდიდატურა განიხილება და დღეს კონკრეტულ კანდიდატურაზე ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.„როგორც კოლეგას, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კომენტარს. ბევრი ადამიანი და კანდიდატურა განიხილება ჩვენსა და „ლელოს“ შორის. სამუშაო პროცესია და კონკრეტულ კანდიდატურაზე არც დაგეთანხმებით და არც უარვყოფ. თვითმმართველობის არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი, უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც ჩვენ და „ლელო“ შევდივართ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ბრძოლაში“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

შალვა პაპუაშვილი – ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, საქართველომ აირჩია მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე. მისივე განმარტებით, სამშვიდობო ინიციატივები თანდათან ნდობის საფუძველს ქმნის, რაც მშვიდობის პირველ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით. სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს. საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.„პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები