ხუთშაბათი, თებერვალი 27, 2025

“მადლობა ადამიანების გადასარჩენად გათენებული ღამეებისთვის და ბოდიში მათ, ვინც სწრაფ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება” – ცოტნე ანანიძე

მადლობა ადამიანების გადასარჩენად გათენებული ღამეებისთვის და ბოდიში მათ, ვინც სწრაფ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება, – აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე.

როგორც ის აღნიშნავს, ვითარება რთულია, მაგრამ ყველაფერი დაიძლევა და “ქალაქიც და სოფელიც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს”.

“უჩვეულო დიდთოვლობაა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასეთი უხვი ნალექი, როგორც უხუცესები იხსენებენ, 1985 წლის ისტორიული დიდთოვლობის დროსაც არ ყოფილა. პრიორიტეტი დღეს ადამიანების სიცოცხლეა და პირველ რიგში, გზები იწმინდება იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, იქ, სადაც ადამიანები საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, იქნება ეს ონკოპაციენტები თუ დიალეზზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები. დახმარება ყველაზე ოპერატიულად სჭირდებათ იქ, სადაც საცხოვრისი დაუზიანდათ და ადამიანების სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ქობულეთი საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია, მოიცავს 48 სოფელს, ორ დაბას – ოჩხამურსა და ჩაქვს, ასევე, თავად ქალაქს და ამდენად, აქ საკმაოდ ბევრი შიდა გზაა. შეუძლებელია სიტყვებით შეაფასო სამაშველო თუ მერიის შესაბამისი სამსახურების, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლების, სპეცტექნიკაზე მომუშავე ოპერატორების თავდაუზოგავი, 24-საათიანი შრომა, მათი გამძლეობა, უძილო ღამეები. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან და ამას თავად ის ოჯახი და მათი ნათესავებიც დამიდასტურებენ, დაიწერა სოციალურ ქსელებშიც – 3 ერთეული ტექნიკა 17-18 საათის განმავლობაში წმენდდა გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთს, რომ დიალეზზე მყოფი ჩვენი თანამოქალაქისთვის დახმარება აღმოეჩინათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სუბიექტივიზმი გამორიცხულია და პრიორიტეტი ადამიანების გადარჩენაა.

მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ვინც თავს არ ზოგავს და ცდილობს დაეხმაროს მეზობელს, მოიკითხოს მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები ახლობელი თუ ნათესავი. ამასთან, ბოდიშს ვუხდი იმ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან სწრაფ რეაგირებას, მაგრამ გადაუდებელი მიზეზების გამო, კვლავ ელოდებიან დახმარებას. გვერწმუნეთ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ჩვენი თანადგომა.

ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, რამდენიმე დღეა ფიზიკურად, 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართულები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მოსახლეობას, პირველივე დღიდან, ეხმარება ქობულეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ბატონი გია ჭყონია, რომელმაც საკუთარი მაღალი

გამავლობის ავტომანქანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დაუთმო. პარლამენტის წევრი – ბატონი ზაალ მიქელაძე მოსახლეობის გვერდითაა, როგორც პედიატრი იქნება ეს კონსულტაციები, ადგილზე მისვლა თუ სხვა სახის დახმარება.

საბიუჯეტო ცვლილებები, რომლებიც დღეს რიგგარეშე სესიაზე მივიღეთ, სარეზერვო ფონდის ზრდას ითვალისწინებს და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის გადარჩენისთვის, სტიქიასთან ბრძოლისთვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ენერგოკომპნიის თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომა. კომპანიის დამატებითი 9 ჯგუფი ჩამოვიდა აღმოსავლეთ საქართველოდან ჩვენს დასახმარებლად. ამ ადამიანებს, უმეტესად, სრულიად მიუვალ ადგილებზე, სადაც თოვლის საფარი 2 მეტრს ბევრად აღემატება, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ მუშაობა და გადაადგილება.

ვითარება საკმაოდ რთულია და თავისთავად რთული გზის გავლა გვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი დაიძლევა და ქალაქიც და სოფელიც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – აღნიშნავს ცოტნე ანანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ევროკავშირის დაფუძნების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების გაცურება იყო

ევროკავშირის დაფუძნების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების გაცურება იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი, და მათ კარგად გაართვეს თავი ამას“,- აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოაცხადებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა ეს ევროკავშირს.ტარიფებზე საუბრისას კი ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებული შტატებით სარგბელობს.„მათ მართლაც ძალიან ისარგებლეს ჩვენით. ისინი არ იღებენ ჩვენს ავტომობილებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. იყენებენ ყველანაირ მიზეზს, თუ რატომ არ იღებენ ამას, და ჩვენ ვიღებთ მათგან ყველაფერს“, – თქვა ტრამპმა.ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოხდება, როდესაც ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ტრამპის თქამით, ისინი ამას ვერ შეძლებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.ზელენსკის თქმით, უკრაინის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ამერიკელებთან და ემზადებიან მოლაპარაკებებისთვის, რომელი, ამ პარასკევს გაიმართება.„შეთანხმება შეერთებულ შტატებთან. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მხარდაჭერა. მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის გასაღები იმისთვის, რომ რუსეთმა აღარ დაანგრიოს სხვა ხალხის ცხოვრება. შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს“, – თქვა ზელენსკიმ.უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის შემდგომი დახმარების მნიშვნელობას, რადგან ძალა საჭიროა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე.

რას ვითხოვთ ეფრემ ასურის სინანულის ლოცვით დიდმარხვაში

24 თებერვლიდან ყველიერის კვირა დაიწყო. დიდმარხვას წინ უძღვის ბოლო კვირა - შვიდეული ყველიერისა.ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, ცხადია, უკვე მხოლოდ რძის ნაწარმითა და კვერცხით, რადგან ხორცი უკვე აღდგომამდე აღარ იჭმევა.გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.ეფრემ ასურის ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (ანუ დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე).მას სინანულის ლოცვას უწოდებენ, ამაზე მისი არსი მეტყველებს. რადგან მარხვა სინანულის მოჭარბებული განცდით უნდა დავიცვათ, ეფრემ ასურის ლოცვა დაგვეხმარება საკუთარ ცოდვებში ჩაღრმავებაში, სინანულის აღძვრაში, სულზე ზრუნვაში.ვინც სინანულშია, ის სხვას აღარ განიკითხავს. ამიტომ ითხოვს წმინდა ეფრემ ასური - „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”.***ეფრემ ასურის ლოცვაუფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ამ სინანულის ლოცვის განმარტებაეფრემ ასურის ლოცვა, სამ ნაწილად ანუ სამ მუხლად არის გაყოფილი.პირველს მუხლში, ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ოთხი ცოდვა - უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის-მოყვარეობა და ცუდად-მეტყველება:უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.მეორესა მუხლსა შინა ვევედრებით ღმერთსა, რათა, ნაცვლად ოთხთა ამათ ცოდვათა, მოგვცეს ოთხი სათნოება: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული:ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ბოლოს მესამესა მუხლსა შინა ვსთხოვთ ჩვენ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ცნობა თავისა ჩვენისა და არა განკითხვად მოყვასთა ჩვენთა:ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე“ - (წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - განმარტება ანუ აღხსნა ეფრემ ასურის ლოცვისა, ოთხთა მოძღვრებათა შინა,რომელნიც თქმულან ოსეთში და სვანეთში).

ტრამპი: პუტინი ძალიან ჭკვიანი და ცბიერია, მაგრამ მოუწევს დათმობაზე წასვლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი კაბინეტის პირველი შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში ვლადიმირ პუტინზე კომენტარი გააკეთა.„ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ძალიან ცბიერი პიროვნებაა“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ პუტინს ომის დასრულების არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ვიდრე ის თეთრ სახლში არ დაბრუნდა.„მე რომ არ ავერჩიეთ, ის უკრაინაში შეჭრას გააგრძელებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.კითხვაზე, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა ომის დასასრულებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:დიახ, მოუწევს. მას ეს აუცილებლად მოუწევს.

ოთარ გრიგოლია ევროსაბჭოს კონგრესს: “საქართველოში არჩევნების გადადების რეკომენდაცია სცდება კონგრესის მანდატს და ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა”

“საქართველოში არჩევნების გადადების რეკომენდაცია სცდება კონგრესის მანდატს და ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა” - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.ოთარ გრიგოლიას განმარტებით, 10 თებერვალს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ გაავრცელა განცხადება, სადაც კონგრესის ბიურო საქართველოს ხელისუფლებას, განმეორებითი არჩევნების ჩატარებისა და ადგილობრივი არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს.ოთარ გრიგოლიას თქმით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული და იგი დათქმულ ვადაში ჩატარდება. არჩევნების გადადების მოთხოვნა კი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არის ლეგიტიმურად არჩეული და არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების უფლება არავის აქვს.„აქციებზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და თქვენ მშვიდობიანს უწოდებთ, მომიტინგეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. ამას გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საჯარო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებსა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მიერ ძალადობრივი ჯგუფების „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოხსენიებით „- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.შეგახსენებთ, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, საკრებულოს დელეგაციაც მონაწილეობს. სტრასბურგში იმყოფებიან თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე.

ბოლო სიახლეები