პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ლორა თორნტონი – ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“

როგორ შეუძლიათ დემონსტრანტებს გამარჯვება? – ასეთი სათაურით აქვეყნებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის სტატიას გამოცემა Civil.ge.

თორნტონი წერს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად მიიჩნევს, უკვე ორი თვეა, პროტესტს გამოხატავს ახალი არჩევნების მოთხოვნით.

„საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა  დამკვირვებლებმა არ შეაფასეს არც თავისუფლად და არც სამართლიანად, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მოიწვია პარლამენტი, დანიშნა ახალი პრეზიდენტი და ქვეყანა გამოიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან. აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოს მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს კრემლის ინტერესების სამსახურისთვის, ვინაიან მას სურს, საქართველო გახდეს მორჩილი და დაქვემდებარებული სატელიტი ბელარუსის მსგავსად. ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად მიიჩნევს, უარყო ეს დისტოპიური ხედვა და უკვე ორი თვეა, პროტესტს გამოხატავს ახალი არჩევნების მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლების  დაწყების შემდეგ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300 აწამეს „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა. აქციები გრძელდება და ასევე გრძელდება „ქართული ოცნების“ შეუპოვრობა. ყოველდღიურად მეტ ადამიანს აპატიმრებენ, სცემენ და რეჟიმმა მიიღო ახალი რეპრესიული კანონების პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს მთავრობის კრიტიკას, ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, არღვევს პროტესტის მონაწილეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ახალი მედიაკანონი ხელახლა განსაზღვრავს ჟურნალისტურ ეთიკას და კრძალავს მედიის უცხოურ დაფინანსებას. ქვეყანა ჩიხშია და გაურკვეველია, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

რა განაპირობებს დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის წარმატებას? არ არსებობს მკაფიო გზამკვლევი, ინგრედიენტები მრავალფეროვანი და ზოგჯერ შემთხვევითიცაა. ხშირად მმართველ ელიტაში არსებული ბზარები თუ კონფლიქტები ან ეკონომიკური მაჩვენებლები რეჟიმს მოწყვლადს ხდის. ზოგჯერ ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური მოძრაობებიც კი, როგორც ჰონგ კონგში „ქოლგების მოძრაობა“, მარცხდება უბრალოდ შეუვალი გიგანტის პირისპირ. თუმცა წარმატება ჩვეულებრივ განისაზღვრება შიდა და არა გარე ზეწოლით. საერთაშორისო რეაგირების ყველაზე მკაცრი ფორმებიც კი – სანქციები, აღიარებაზე უარი, ემბარგო – არ არის გადამწყვეტი ფაქტორი (ვენესუელის მაგალითი). ქართველებს აქვთ შთამაგონებელი დემოკრატიული მოძრაობების საკუთარი ისტორია, ისევე როგორც მათ და-ძმებს უკრაინაში, სადაც „მაიდანი“ თავისუფლებისკენ გლობალურ მოწოდებად იქცა. აზიაში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების შემდეგ მე დამაინტერესა დიქტატორების ჩამოგდების რამდენიმე გამორჩეულმა მაგალითმა, რომელთა წასვლასაც არავინ ელოდა, როგორებიც იყვნენ ფერდინანდ მარკოსი, სუჰარტო და შეიხი ჰასინა“, – წერს ლორა თორნტონი და ზემოთ ჩამოთვლილი სამი აზიელი პოლიტიკური ფიგურის ისტორიას აღწერს.

წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ სამივე ისტორია უნიკალურია, მაგრამ აქვთ რამდენიმე საერთო ხაზი.

„მიუხედავად იმისა, რამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, მან შეძლო, შეხებოდა გაცილებით ღრმა და ფართო საზოგადოებრივ წუხილებს, რაც დაკავშირებული იყო ხანგრძლივ ეკონომიკურ პრობლემებთან, კორუფციასთან და რეპრესიებთან. შესაბამისად, მოძრაობებმა მთელი საზოგადოება მოიცვა და დედაქალაქის გარეთაც გავრცელდა. უფრო მეტიც, ხალხმა ქვეყნები პრაქტიკულად უმართავი გახადა ეროვნული გაფიცვებითა და ბოიკოტებით. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობების მასშტაბურობის გამო უსაფრთხოების ძალები და სამხედროებიც კი ბევრ შემთხვევაში პირადად იყვნენ დაკავშირებული პროტესტის მონაწილეებთან. საინტერესოა ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გარკვეული როლი ითამაშა მარკოსის შემთხვევაში, მისთვის უსაფრთხო თავშესაფრის შეთავაზებით, მისი ქმედებები ძირითადად არ იყო ამ ისტორიის ნაწილი. საქართველოსგან განსხვავებით, ამ შემთხვევებში ხალხი იმდენად დიდხანს იყო რეპრესირებული, რომ მთავრობის მიერ პროტესტის მონაწილეთა დახოცვა იქცა იმ გადამწყვეტ მომენტად, რომელმაც ქუჩაში გამოიყვანა ისინიც კი, ვინც სხვა შემთხვევაში სახლში დარჩებოდა. რეჟიმის ბევრი წარმომადგენლისთვის ძალადობამ ხელი შეუწყო დიქტატორის ჩამოსაგდებად საჭირო დეზერტირობას. მაგრამ საქართველოში პროტესტის მონაწილეთა სიმტკიცე მახსენებს დემოკრატიის სხვა გმირებს სხვა მხრივ. ძალისხმევამ, დაეკავშირებინათ პროტესტი, რომელიც ევროკავშირის წევრობასა და არჩევნებს სცდება, ქართველების უფრო ღრმა წუხილებსა  და ყოველდღიურ პრობლემებთან, უფრო ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მოძრაობის გადასვლა ღამის პროტესტებიდან მთელი დღის განმავლობაში საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე – რაც გულისხმობს ნაგვის არგატანას, ბანკის მოლარეების სამსახურში არმისვლას, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენას – ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“. საბოლოოდ, ეს ხშირად რიცხვების თამაშია – მასიური ზეწოლა, რომელიც ძლევს და ბოლოსდაბოლოს არცხვენს ხელისუფლებაში მყოფთ“, – წერს ლორა თორნტონი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

გთხოვთ გავავრცელოთ, ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ეძებენ ახალგაზრდას, იაკობი ჰქვია. სავარაუდოდ, ისეა ჩაცმული, როგორც ფოტოზე. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ უკავშირდება, ვერც ოჯახის წევრები. არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დასთან. არ გამოცხადებულა გამოცდაზე. ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. გთხოვთ, თუ სადმე შენიშნეთ, დარეკეთ: 568771848“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას“, – წერს ყაველაშვილი.  

ბოლო სიახლეები