ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით მიიყვანეს. უკრაინელმა დეპუტატმა და ყოფილი პრეზიდენტის პარტნიორმა განაცხადა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადასასვლელად ემზადებოდა.
„ის მართლაც ემზადებოდა საავადმყოფოში გადასასვლელად. უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, მაგრამ მოატყუეს. ვიცით, რაც განაცხადეს სახალხო დამცველმა და ადვოკატებმა, რომ მის წინააღმდეგ ძალა იყო გამოყენებული. ის არ თანხმდებოდა და ახლა ასეთი საშინელი ვითარებაა, რაც მასზე ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი უსაფრთხო არ არის. ჩვენ გუშინაც ვნახეთ, რა ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა მასზე, როგორ გადმოიყვანეს აქ, დაირღვა მისი ყველა უფლება. ასე არ ამცირებენ პატიმრებს. ვთვლი, რომ ეს სამარცხვინოა. მისი მდგომარეობა რთულია, ის ძალიან დასუსტებულია, მაგრამ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, რადგან არ უნახავს პირად ექიმს. ომბუდსმენისა და ადვოკატების გარდა ის არავის უნახავს, მათ კი ზუსტი ინფორმაციის გადმოცემა არ შეუძლიათ. საჭიროა, ის მოინახულოს იმ ექიმმა, რომელსაც ვენდობით“, – განაცხადა იასკომ.