სამშაბათი, აგვისტო 5, 2025

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა – ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო, რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური გუნდი მტკიცედ დგას თავისი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გვერდით და მკაცრად ემიჯნება მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ ქმედებას.

„კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე რუსეთის პროკურატურა ჩაერთო.

„ქართული ოცნების“ ბატონმა დღეს ახალი განკარგულება გასცა – პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ახლა ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც დაიწყო! რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს!

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გვერდით და არ დავუშვებთ ალეკო ელისაშვილის მიმართ ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორციელებას, რისი მცდელობაც დამფრთხალი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარწმუნებულები ვართ იქნება!

სრული მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს! დიდება უკრაინას! ცეცხლი რუსულ ოლიგარქიას!“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Footmercato – ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ევერტონიც“ დაინტერესდა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.„შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“  ზურიკო დავითაშვილის შეიძინოს. ინგლისური კლუბის სელექციონერთა ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალი სეზონისთვის დევიდ მოიესმა გუნდი სასურველი მოთამაშეებით დააკომპლექტოს. „ევერტონის“ ინტერესის გამო, დავითაშვილს გუნდიდან წასვლა სურს.ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პარიზსა“ და „კალიარისთან“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა“, – ამტკიცებს Footmercato.ფრანგული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით „ევერტონის“ გარდა „რენი“, „სტრასბური“, „სევილია“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ინტერესდებიან.

შალვა პაპუაშვილი – ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ ხინკალს, ჩვენ ამ საკითხს თვალყურს...

ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ ხინკალს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა, რაც არ უნდა განმეორდეს.ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია და პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას.„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა. დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება. საარჩევნო კანონმდებლობა ვრცელდება საქართველოში მყოფ ყველა პირზე, მათ შორის, დიპლომატებზეც. ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები „ვალდებული არიან, პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში“.სამწუხაროდ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა, როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით, რაც, როგორც ვენის კონვენციის, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი.ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ ხინკალს. ჩვენ ამ საკითხს დეტალურად მივადევნებთ თვალყურს“, – წერს პაპუაშვილი.

რომეო მიქაუტაძე – ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი – ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ...

ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.მიქაუტაძე მოსამართლეს უსაბუთებდა, რა არგუმენტებით უნდა ეხელმძღვანელა იმაზე მსჯელობისას, დაეტოვებინა თუ არა ის პატიმრობაში.„პატივისცემა მინდა გამოვხატო სამართალდამცავი ორგანოების - როგორც პროკურატურის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ. მადლობა ოჯახს და გულშემატკივრებს, რომ ასეთ სიტუაციაში მიწევს თქვენი შეწუხება.დარწმუნებული ვარ, უფლის წყალობით, ეს მალე დასრულდება...ჩემი 25-წლიანი სწავლისა და პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ვარ ღირსების ორდენოსანი... ამ ხნის განმავლობაში, კერძო თუ საჯარო სამსახურში, სადაც მიმუშავია, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დამიტოვებია ციფრები და რიცხვები, რაც ჩემს საქმიანობას სცემს პასუხს.სამწუხაროდ, გაჩნდა კითხვები ჩემი ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით, რასაც პასუხი გაეცემა, აუდიტირება მიმდინარეობს ჩემი ოჯახის შემოსავლების.ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას.ყველაფერი მალე დასრულდება და იმედი მაქვს, საშუალება მომეცემა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდე ჩემს ერთგულ და ულამაზეს მეუღლესთან, ვაჟკაც შვილთან, რძალთან, მშობლებთან, ჩემს უსაყვარლეს ძმასთან, დიდ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თითქმის, 2-თვიანი ლოდინის შემდეგ გნახეთ, რამაც ცოტა შვება მომცა.შეზღუდული მაქვს პაემნის, სატელეფონო საუბრის, წერილების უფლება...გამოკითხვაზე ჩემი ოჯახის ყველა წევრი გამოცხადდა პირველივე შესაძლებლობისთანავე, მათ შორის, მეც. ჩვენ უსიტყვოდ დავემორჩილეთ იმას, რომ უცხოეთში გამგზავრება გადაგვეფიქრებინა არამხოლოდ მე, ჩემს ოჯახის წვერებსაც. პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაში მიმალვის რისკი ნულდება, უძრავი ქონება რომ უცხოეთში გაქვს, იმის საშუალებას არ გაძლევს, უცხოეთში წახვიდე. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ამ ჭერს და სასამართლოს. რისკები არ არსებობს, თუმცა, პატივცემულო მოსამართლევ, ეს გადაწყვეტილება თქვენს ხელშია. რა თქმა უნდა, რთულია, ძნელია ციხე, იქ ყოფნა რთულია. ჩემს გულში ხართ თქვენ და ვნატრობ იმ დღეს, როცა თქვენთან ვიქნები.გამოძიების დასაწყისში ინტენსიური მოქმედებები იყო, ეს იყო გამოკითხვები. ეს უკვე დასრულებულია, შესაბამისად, მე მათზე გავლენას ვერ მოვახდენ. თუკი, ჰიპოთეტური რისკები არსებობს, არის ელექტრონული სამაჯური.მე მჯერა, რომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.17 წლის ვიყავი, როცა შვილი გამიჩნდა და მასთან ერთად გავიზარდე. მინდა გითხრათ, რომ დაუთმეთ ოჯახს იმაზე მეტი, ვიდრე ამას აკეთებთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი, შესაძლებელია, მათი შევსება. ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე“ – მიხეილ სარჯველაძე

„პრობლემა თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში, მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, განვითარდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, ან შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვერ ვხედავთ. ზოგადად, სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც არის უმწვავესი დეფიციტები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა, რამაც დეფიციტური პროფესიების განსაზღვრა განაპირობა.„ჩამონათვალში არის, მაგალითად, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა და სხვა. რეალურად მწვავე საჭიროებები არის თუ არა,  შეგვიძლია, ვკითხოთ კლინიკებს, შესაძლოა, ისინი ყველაზე მეტად აღიქვამდნენ რეალურად არსებულ დეფიციტებს - ყველგან აღმოვაჩენთ, რომ ამ მიმართულებებით, არსებობს კონკრეტული საჭიროებები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საჭიროებებს განსაზღვრავს ერთის მხრივ, სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგალითად, მთელ მსოფლიოში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ფსიქიატრი. მეორეს მხრივ, არსებული რეგულაციების მიხედვით, მაგალითად, კარდიოქირურგიის, ან ნეიროქირურგიის მიმართულებით, ყველა კლინიკაში გარკვეული რაოდენობის პაციენტებზე, ან თითოეულ ლიცენზიაზე, აუცილებელია კონკრეტული რაოდენობის პროფესიონალი. ამ რაოდენობის პროფესიონალი, საქართველოში, არ არსებობს. არის ისეთი სპეციალობები, სადაც შესაძლოა, ახლებური რეგულაციების საჭიროებაც გამოიკვეთოს და ამაზეც მუშაობს პროფესიული განვითარების საბჭო. მაგალითად, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. მიუხედავად ერთიანი ლიცენზიის ქონისა, ცალკეული ექიმები, უმრავლეს შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებენ  მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას და რეკონსტრუქციული მიმართულებით, სამწუხაროდ, უმწვავესი დეფიციტები არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უმცროს ექიმებს, მხოლოდ შესაბამისი გამოცდების გავლისა და კვალიფიკაციის დადასტურების შემდეგ მიეცემათ სერტიფიცირების შესაძლებლობა.„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უმცროს ექიმებად ბევრი წლის განმავლობაში იმუშავეს და ეს ლეგალური პროფესიაა. მანამდე, მათ, გაიარეს საგანმანათლებლო პირველი ეტაპი, ჩააბარეს გამოცდა, დაიწყეს უმცროს ექიმად მუშაობა და დიდი გამოცდილება დააგროვეს, ზოგმა - წლებით იმაზე მეტიც, ვიდრე რეზიდენტურაა. რა თქმა უნდა, ისინი იმსახურებენ შანსს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ექიმები - მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ერთის მხრივ, დეფიციტური პროფესია შეიძლება შეივსოს და მეორეს მხრივ, ამ ადამიანებისთვისაც ეს შანსია. თუმცა, აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ იქნება მუდმივი გადაწყვეტა, ცვლილება ერთჯერადი სახისაა და მოქმედებს მხოლოდ 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე. ამავე დროს, არ შეიძლება გავჩერდეთ - რეზიდენტურის რეფორმა, პროფესიების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა - მუდმივი განახლება გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა Robo Battle 2025-ზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკა აღარ არის დამატებითი კომპონენტი, იგი გადაიქცა სასწავლო პროცესის შემადგენელ ბირთვად, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს. ამ მიმართულებით, Robo Battle 2025-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდების წარმატებული მონაწილეობა ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის საფუძველიც არის STEM განათლების ინტეგრაცია ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და სტუდენტების მხარდაჭერა, - ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა თალიკო ჟვანია აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდებმა უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვეს ტექნოლოგიურ ფორუმზე – Robo Battle 2025, რომელიც გაიმართა Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში, ლოკაციაზე Radio City | District 4.ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) მიერ და მასში მონაწილეობდა 92 საბრძოლო რობოტების (315 მონაწილე) და 49 სუმო რობოტების (132 მონაწილე) გუნდები.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში დამატებითი ასპექტის, როგორიცაა, ტექნოლოგიური კონკურსები, ჰაკათონები, რობოტიკისა და პროგრამირების ტურნირები, ინტეგრაციის მიმართულებით. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, Robo Battle 2025-ში უნივერსიტეტმა 1 რობოტით - 0,5-იდან - 1,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და 4 რობოტით - 1,5-იდან - 5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Foxhound, გიორგი შაკიაშვილის, სალომე მახარაძის და ნიკოლოზ მერაბიშვილის შემადგენლობით, მეორე ადგილი – გუნდმა Thrasher, გოჩა ზედგინიძის, ოთარი ჭინჭარაშვილის, ნიკოლოზ ელიზბარაშვილისა და მარიამი მაისურაძის შემადგენლობით.„ჩვენი სტუდენტების გამარჯვება Robo Battle 2025-ზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ - ტექნიკური ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული გამოცდილება და შემოქმედებითი უნარების განვითარება ფაკულტეტის პრიორიტეტია. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს აღვივებს, ესაა პლატფორმას, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და გუნდურ მუშაობაში დახელოვნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი ინოვაციური იდეების განხორციელებაში და მიაწოდოს ის რესურსები, რაც საჭირო აქვთ წარმატების მისაღწევად. მინდა განსაკუთრებით გამოვკვეთო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მათ შორის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მიზანმიმართულად მუშაობს, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდეთ, არამედ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ პროექტებზე, ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებსა და საერთაშორისო კონკურსებში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ Robo Battle 2025-ზე ჩვენს სტუდენტურ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მაღალ ხარისხს. ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას მსგავს ინიციატივებში, ეს იქნება ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თუ ინოვაციური პროექტების დაფინანსება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.ინფორმაციისთვის, Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის. მისი მიზანია ახალგაზრდების წახალისება STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში. ღონისძიება ფოკუსირებულია ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ერთდღიანი ფესტივალის ფორმატით აერთიანებს მრავალ აქტივობას: რობოტების ბრძოლას, SUMO რობოტების შეჯიბრს, საინჟინრო შოუს, დრონების ზონებს, ინტერაქტიურ სივრცეებს და კიდევ ბევრ სხვა ინოვაციურ ელემენტს.

ბოლო სიახლეები