„ლელო – ძლიერი საქართველოში“ აცხადებენ, რომ პარტიის ანგარიშები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადა.
როგორც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში შესაბამისი შინაარსის წერილი დღეს მიიღეს.
„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო, დღეს მოგვივიდა წერილი, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოლიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისი თქმით, ხუთი დღის განმავლობაში „არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქრათველოზე“.
„ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც აწარმოებენ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი. გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“, რომელზეც 2025 წლის პირველ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ გერმანიის ელჩი ქვეყნიდან უნდა გააძევონ. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს ორ მიზანს – თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც აქტიურად იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს არის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.