სამი დღე ვადის ამოწურვამდე – არჩევნებზე დასარეგისტრირებლად პარტიებს ვადა 17 ივლისამდე აქვთ. სწორედ რეგისტრაციის შემდეგ მიანიჭებენ პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო ნომრებს. მანამდე არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” დღეს არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
“ლელოს” უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაჭრით ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ ვიქნებით, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური კოალიციის, პოლიტიკური პარტიის ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას და ხაზს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო არის აქტიური ბრძოლა, აქტიურ ბრძოლაში ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტად მივიჩნევთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს ლანა გალდავა.
მათი მისამართით ისევ მწვავე კრიტიკა ისმის. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მათთვის პოლიტიკა დასრულებულია.
“ვინც გადაწყვიტა ამ სპირალში შესვლა, მათთვის პოლიტიკა არის დასრულებული, ისინი პოლიტიკურად არიან დასრულებული და წარსულებზე აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს ამ ყველაფერს პასუხი. პასუხი უნდა იყოს მკაცრი, უნდა იყოს წინააღმდეგობა ბოიკოტთან ერთად”, – აცხადებს პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.