აშშ-ს ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები. ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს; თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში, – ასე გამოეხმაურა ლევან ქარუმიძე იან კელის განცხადებას. შესაბამისი კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ მშვიდობა!“ – წერს ქარუმიძე.
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრას Twitter-ზე შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, უკრაინის ხალხი და მათი წარმომადგენლები გადაწყვეტენ როდის და როგორ მოაგვარონ რუსეთის კრიმინალური ომი მათი სამშობლოს წინააღმდეგ. და არა თქვენ და თქვენი „ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი“ აზერბაიჯანი“.