„ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატის და ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს ივანიშვილის ე.წ. არჩევნებზე – 4 ოქტომბერს დაანონსებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არმიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან სანიკიძის თქმით, ვინმე თუ იყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კიდევ მსჯელობენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში.
„პოლიტპატიმრები როდესაც სხედან ციხეში, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება. ამიტომ, ვინ ჩაიყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, ეს კიდევ საკითხავია. ამ ვითარებაში მე უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია ამ საკითხის განხილვაც კი და დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი დიდი პრობლემა ექნება, არა მხოლოდ ოპოზიციურ ელექტორატთან“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
კითხვაზე, „ლელო“, „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის“ თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რა აზრი აქვს მაშინ „ნაცმოძრაობის“ ბოიკოტს?“, ლევან სანიკიძემ აღნიშნა:
„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სულ მცირე „ლელო“, ჩემი აზრით, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ამ ფორმაციის ცესკო-თი, ამ პირობებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გარეშე და ციხეში პოლიტპატიმრებით. საჯაროდ შეიძლება, საუბრობენ და კარგია საჯაროდ ლაპარაკი, ნახავენ საზოგადოებრივ განწყობას. 2021 წელს ქალაქებში ნაკლები ხმები ჰქონდა ოპოზიციას? მარტო თბილისში რატომ უნდა იყაროს ვინმემ კენჭი? მგონია, მთლიანად საქართველოში გაყალბდა, თბილისშიც გაყალბდა და ყველგან გაყალბდა არჩევნები. ახლა კიდევ იმაზე უარესი ცესკო-ა, სხვა კოლეგა ოპოზიციონერები ციხეში არიან, სანქცირებული ცესკო ატარებს არჩევნებს და ახლა აქ ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ, ამომრჩეველს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილებას შევუწყობ ხელს, შემცდარა. ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი ტიპის არჩევნებისთვის ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება უფრო მეტ შანსს გვაძლევს ივანიშვილის ჩამოსაშლელად, ვიდრე სისტემურ ოპოზიციად ქცევა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.