შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ბოლო პერიოდში არცერთი თავისუფალი საწოლი არ გვქონდა, დღეს კი კლინიკაში 10-12 თავისუფალი საწოლია. ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. ემერჯენსიც ისეთი გადატვირთული აღარ არის, როგორიც მანამდე იყო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი 2020 წლის 28 ნოემბერს ამოქმედდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 796 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.