ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, თუმცა სამივეს შემთხვევაში ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.
„2 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. მინდა გითხრათ. რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ – ჰემორატიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.