4 ოქტომბერს ყველაზე მეტად მე გაბრაზებული ვიყავი ოპოზიციური პარტიების ლიდერების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, როდესაც მოუწოდებდნენ ადამიანებს, შესულიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და დაეკავებინათ ეს შენობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
იოსელიანის თქმით, 4 ოქტომბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი იყო.
„ეს ყველაფერი როდესაც ვნახე, ჩემთვის უკვე ნათელი იყო, ამას რა ტიპის რეაგირება მოჰყვებოდა სამართალდამცავი უწყების მხრიდან. დავინახე ადამიანები, რომლებიც შევიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ყველაზე მეტად მე გაბრაზებული ვიყავი ოპოზიციური პარტიების ლიდერების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, როდესაც მოუწოდებდნენ ამ ქმედებისკენ ადამიანებს. დღეს თუ არ ვცდები, 60 ადამიანი იხდის სასჯელს, რადგან რამდენიმე ადამიანმა მოუწოდა მათ, შესულიყვნენ. ხშირ შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს არ ჰქონდათ გააზრებული, რა ტიპის დანაშაულს სჩადიოდნენ.
იცით, რომ დაკავებულია პაატა მანჯგალაძე. ამ ყველაფერს როდესაც ვუყურებდი პირდაპირ ეთერში, დავურეკე პაატა მანჯგალაძეს, რომელიც დასახელებული იყო მაშინ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გამოვთქვი ჩემი აღშფოთება და ვუთხარი, რომ ასეთი რამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლებოდა, ვინ აგებდა ამაზე პასუხს? რაზეც მან მითხრა, რომ ის არ იზიარებდა იქ მიმდინარე პროცესს. დამეთანხმა ჩემს შეფასებებში და თქვა, რომ ეს პროცესი ნამდვილად იყო შესაჩერებელი და ეს ადამიანები იქიდან გამოსაყვანი იყვნენ. არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას პაატა მანჯგალაძის ბრალთან დაკავშირებით, მაგრამ, მე განვაცხადე და დღესაც ვამბობ, მასთან ჩემი ზარი და მისი პასუხი ჩემს აღშფოთებაზე, თუ სასამართლოზე საინტერესოა მოსამართლისთვის ამის მოსმენა და როგორც მოწმეს, გამომიძახებენ, მზად ვარ, ჩვენება მივცე. რა თქმა უნდა, თუ დაეხმარება ეს პაატა მანჯგალაძეს თავის საქმეში, რადგან მგონია, რომ ამ ადამიანის დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ იყო განსხვავებული, სხვა პირებისგან განსხვავებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ, შესულიყვნენ და დაეკავებინათ ეს შენობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

