ყოველ წელს, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ლევან იოსელიანს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რა იყო 2025 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რაზეც იოსელიანმა აღნიშნა:
„განსაკუთრებით ეს თემაა, რომლითაც იწყება ჩემი ყოველწლიური ანგარიში და რომელზეც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ: ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათი მდგომარეობა, გამოწვევები, რომელთაც ისინი ყოველდღიურად უმკლავდებიან, სტატისტიკა, რომელიც წელსაც ისეთივე არასახარბიელოა, როგორც შარშან და შარშანწინ. ვგულისხმობ წელს 50-ზე მეტ დაკავებულ ადამიანს, რომლებიც წაიყვანეს და მოათავსეს ციხეებში. ამ ადამიანების ნაწილი დღესაც რჩება სხვადასხვა იზოლატორში, როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით. ეს ის საკითხია, რომელთან გამკლავებაც უწევთ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ერთბაშად მოგვარება მარტივი არ არის, თუმცა, როცა ვსაუბრობთ მთავარ პრობლემაზე, მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საუბარი იმ პრობლემით, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საკითხი, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის, არის კიდეც და სწორედ ამ პრობლემით იხსნება ჩემი ანგარიში“, – განაცხადა იოსელიანმა.

